პოლიტიკა
შოთა არველაძე რუსულ კლუბთან თანამშრომლობით დაინტერესებულია

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე დაინტერესებულია შესაძლებლობით, გაუძღვეს რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბ „კრასნოდარს“, ამის შესახებ მან რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ასეთ გუნდთან მუშაობა. „კრასნოდარი“ კარგი კლუბია. შემოთავაზება ადრეც მივიღე, მაგრამ ახლა არავინ დამკავშირებია", – განაცხადა არველაძემ.

„ხარების" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ოთხშაბათს „კრასნოდარის" ხელმძღვანელობამ ვიქტორ გონჩარენკოს გადადგომის შესახებ განაცხადა. ბელარუსმა სპეციალისტმა კლუბი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „ხარებმა" 24 მატჩი ჩაატარეს, რომელშიც 11 გამარჯვება მოიპოვეს, ცხრა მარცხი განიცადეს და ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

რუსეთის პრემიერ-ლიგაში ზამთრის არდადეგებს „კრასნოდარი“ მეხუთე პოზიციაზე შეხვდა – 18 მატჩში მოპოვებული 29 ქულით.

შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის“, „ქასიმფაშას“ და „ტრაპზონსპორის“ მწვრთნელი. არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი“ იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. მას შემდეგ ქართველი სპეციალისტი უმუშევარია.