პატივცემულო მკითხველო! საზოგადოებაში „სიკვდილის ბრიგადებად“ და „ზონდერბრიგადებად“ მონათლული საქართველოს შსს-ის სპეცქვედანაყოფების მიერ ადამიანთა გატაცებაზე იმდენს წერენ და ლაპარაკობენ, რომ საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ საჭიროდ აღარ ჩათვალა ამ საზარელი თემის მუსირება, სანამ თავადვე არ აღმოვჩნდით ამგვარი აღმაშფოთებელი ფაქტის უნებლიე მოწმე.
ეს ყველაფერი რამდენიმე ათეულ მეტრში მდგომ საქვეყნოდ ქებული საპატრულო პოლიციის თვალწინ მოხდა. „რისთვის?! მიშველეთ!“ – ყვიროდა შეშინებული და გაოგნებული კაცი, რომელიც ერთდროულად გამტაცებლებსაც მიმართავდა და იმ პოლიციელებსაც, მომხდარს უშფოთველად თვალს რომ ადევნებდნენ.
„რას დგახართ, მიეხმარეთ ადამიანს, როგორ არ გრცხვენიათ!“ – აღშფოთებას გამოთქვამდნენ საპატრულო პოლიციის მანქანას გარშემორტყმული ქალები (მათგან განსხვავებით, მამაკაცები, რომლებიც საქართველოში ბოლო ხანია, ძალიან დაშინებული არიან, მდუმარედ იდგნენ...). მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯ. კახიძის ქუჩა ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და დ. უზნაძის ქუჩას ერთ-ერთ ცენტრალურ – მეფე დავით აღმაშენებლის – პროსპექტთან აკავშირებს, უწინ რომ გ. პლეხანოვის პროსპექტს უწოდებდნენ, ამიტომ შუადღისას იქ დიდი ხალხმრავლობაა.
ყველაზე უსიამოვნო კი ისაა, რომ ამ ამბავს შორიახლო მდებარე #63 თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაკვეთილების დასრულების შემდეგ შინ მიმავალი და დამფრთხალი ბავშვები შეესწრნენ.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ღიად მიმართავს საქართველოს შსს-ის ხელმძღვანელობასა და პირადად მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს:
ბატონებო! ხომ არ მიგაჩნიათ, რომ (სპეცსამსახურების) ამგვარი მოქმედებები და პატრულის უმოქმედობა უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ქართული პოლიციის იმიჯზე, რომლის რეფორმირებაში მიღწეულ წარმატებებს აღიარებენ თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და კოლეგები სხვა ქვეყნებიდან. ხოლო თუ ისინი თქვენი თანამშრომლები არ იყვნენ, მაშინ რატომ არ ჩაერია საქმეში შორიახლო მდგარი საპატრულო ეკიპაჟი?
ეგებ ის დაკავებული ბინ ლადენის ტერორისტი, „შეფიცულთა“ წევრი, მოძალადე მანიაკი, რუსეთის მორიგი ჯაშუში ანდა ნინო ბურჯანაძის მომხრე იყო? მაშინ ამის შესახებ შიშით დაზაფრულ მოსახლეობას აცნობეთ, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მზადაა, განათავსოს თქვენი ნებისმიერი განცხადება.
ბატონო მინისტრო! ერთხელ როგორღაც ბრძანეთ, რომ დღევანდელ საქართველოში, დემოკრატიის პირობებში, ქართული პოლიცია ქართველი ხალხის სამსახურში დგას. ბრავო! თუმცა, განა შიშის სინდრომი დამახასიათებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, სადაც „გამჭვირვალე“ პოლიცია ხალხის მსახურია და არა რეპრესიების ინსტრუმენტი?!