საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 253 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ამ შტამით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი სამ-ოთხჯერ მეტია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 159 შემთხვევის ანალიზის თანახმად, რაც დილისთვის იყო დადასტურებული, ინფიცირებულთა შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი 16-ია. შემთხვევათა 17 პროცენტი რეინფიცირებაა, 67 პროცენტი კი სრულად ვაქცინირებული ადამიანია. მათ შორის რვას ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული.
გამყრელიძის განცხადებით, 159 დაავადებულის მდგომარეობა მსუბუქია და მათ შორის მხოლოდ ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. აქედან კლინიკებში სამი პაციენტის გადაყვანა მხოლოდ თანმხლები დაავადების გამო გახდა საჭირო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევათა უმეტესობა უცხოეთიდან არის შემოსული, თუმცა ამასთანავე უკვე დაწყებულია „ომიკრონის“ შიდა გავრცელება.
„დღევანდელი მდგომარეობით, წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით, ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ყოველდღიური ახალი შემთხვევების ე.წ. დაღმავალი ტალღა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა, აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და სხვა ინდიკატორების ზრდა, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი. სამი პროცენტით არის გაზრდილი დადებითობა. გაზრდილია შვიდი დღის საშუალო დადებითობაც. ჯერჯერობით ეს არ შეტყობია ბოლო ორი კვირის დადებითობის საშუალოს. გუშინ ვთვლიდით, რომ შემთხვევების მატება შეიძლება, ყოფილიყო ე.წ. სამშაბათის სინდრომი, ანუ საახალწლო დასვენებებისა და შაბათ-კვირის დაგროვილი შემთხვევები, მაგრამ რადგან დღესაც მატება გვაქვს, ვთვლით, რომ სამწუხაროდ, დაიწყო ახალი შემთხვევების ზრდა და ამას შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს: ქვეყანაში იზრდება „ომიკრონის“ გავრცელება და მეორე – ის, რომ წინასაახალწლო პერიოდში ქვეყანაში გვაქვს სერიოზულად გაზრდილი მობილობა. სამწუხაროდ, კვლავ მაღალი რჩება ყველაზე მძიმე, სიკვდილიანობის ინდიკატორი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება პროგნოზებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ალბათობით მომდევნო ორ კვირაში გვექნება შემთხვევების ზრდა, რისთვისაც ჯანდაცვის სისტემა მზადაა. მისივე განმარტებით, გავრცელების სისწრაფე დინამიურია და 30-40 პროცენტის ფარგლებშია.
ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ძველით ახალი წლის პერიოდში იყვნენ მაქსიმალურად მოკრძალებულები, რადგან უკვე ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია ახალი შტამით. გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37 პროცენტია, თუმცა არც ესაა საკმარისი და ეს მონაცემი 95 პროცენტამდე უნდა ავიდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მიმართავს, თავი შეიკავონ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაიცვან სანიტარული ნორმები და დისტანცია.