უცხოეთი
„მოხუცო, წადი“ - როგორ გადაიზარდა სოციალური პროტესტი პოლიტიკურ გამოსვლებში და რას ამბობს „ყაზახეთის გაკვეთილი“?

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმიორჯერ გაძვირებული თხევადი გაზის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების გადაწყვეტილება ყაზახეთის ხელისუფლებამ სწრაფად მიიღო, მაგრამ ვითარება უკვე იმდენად გამწვავებული იყო, რომ საპროტესტო ტალღის შეჩერება ვეღარც მთავრობის გადადგომით მოხერხდა.

ის, რაც ყაზახეთის დასავლეთში დაწყებულ სპონტანურ სოციალურ პროტესტს მოჰყვა, მკაფიოდ აჩვენებს - გაზის ფასი მხოლოდ ნაპერწკალია, რამაც ხალხში ხელისუფლების მიმართ დაგროვილი უკმაყოფილება ააფეთქა.

ყაზახური საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც საქართველოდანაც ყურადღებით ადევნებენ თვალს, 2 იანვარს სპონტანურად, რეალური ლიდერების გარეშე დაიწყო.

ქართულ ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვისაც.

 რა ხდება ყაზახეთში, სადაც ავტოკრატმა მმართველმა ნურსულთან ნაზარბაევმა პოსტი 2019 წელს მხოლოდ ფორმალურად დატოვა?

როგორ გამოიყურება პროცესები საქართველოდან და რას ამბობს ყაზახეთის გაკვეთილი?

თვალის დახამხამებაში

ცოტა ვინმე თუ მოელოდა, რომ ხალხის მწვავე პროტესტი ყაზახეთში ასე უცებ და თანაც საახალწლო დღეებში იფეთქებდა.

ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყანაში ხალხი ქუჩაში 2 იანვარს, თხევადი გაზის ფასის გაორმაგებამ გამოიყვანა. ძალიან სწრაფად, ქვეყნის დასავლეთით დაწყებული პროტესტი სხვა რეგიონებს უკვე პოლიტიკური მოთხოვნებით მოედო.

ვითარებას ვეღარც ფასების დაწევამ უშველა და ვეღარც სხვადასხვა სოციალურმა დაპირებამ.

ხალხის დასამშვიდებლად არასაკმარისი აღმოჩნდა სახელისუფლებო ცვლილებებიც, რომლებიც 5 იანვარს, მომიტინგეთა მოთხოვნების შესაბამისად, ერთმანეთის მიყოლებით მოხდა:

 გადადგა მთელი მთავრობა;

 უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთს, 2019 წლამდე, 30 წლის განმავლობაში მართავდა და მას შემდეგაც, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მასთან თანხმდებოდა.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა შეითავსა და ტელევიზიით ხალხს „თანმიმდევრული რეფორმების“ გატარებას დაჰპირდა.

სამშაბათს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა მანგისტაუს ოლქსა და ქვეყნის ყველაზე მსხვილ ქალაქში, ალმათიში. აიკრძალა მშვიდობიანი შეკრება და მასობრივი ღონისძიებები.

მაგრამ იმავე ალმათიში დემონსტრანტებმა, უკვე ოთხშაბათს, მერიის შენობა აიღეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიწვა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. ხალხმა ბარიკადები აღმართა, იარაღების მაღაზიაც გატეხა და შეიარაღდა.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული და ისინი გასათბობად ცეცხლს ანთებენ. ისმის სროლის ხმაც.

პოლიცია და სამხედროები ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებენ დემონსტრანტების შემოტევას. ვრცელდება ცნობები მომიტინგეთა მიერ სპეცტექნიკისა და ჯავშანჟილეტების მიტაცებასთან დაკავშირებით.

ქალაქ აქტობეში კი (ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში) პოლიციის თანამშრომლებმა უარი თქვეს დემონსტრანტების დაკავებაზე და განაცხადეს, რომ „ხალხთან“ დგანან.

რატომ დათმო ამდენი ყაზახეთის მთავრობამ, მიტინგების დაწყების პირველსავე დღეებში?

ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგია და მთავრობა იოლად დათმო „ნახევარ პრეზიდენტად“ წოდებულმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, რომელსაც წინამორბედი, ნურსულთან ნაზარბაევი ავიწროებდა და ამავე გეგმით, მან „შურისძიებისთვის“ დრო იხელთა უშიშროების საბჭოდან თავად ნაზარბაევის გასაშვებადაც. თუმცა სხვები ეჭვობენ, რომ ტოყაევი შეძლებდა გადაწყვეტილებების ნაზარბაევის გარეშე მიღებას.

ყველა თანხმდება, რომ ყაზახი ხალხი დაიღალა და გაზის ფასმა წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი ააფეთქა.

„ამ პროტესტისთვის არც ხელისუფლება იყო მზად და არც საზოგადოება. ხელისუფლებაზე გასაგებია, ის არასოდეს არის მზად იმისათვის, რომ ხალხი ერთ დღეს დაიწყებს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის, რასაც ახლა ვხედავთ ყაზახეთში... ეს არის უკმაყოფილების აფეთქება... ხელისუფლებამ რეაგირება ვეღარ მოასწრო. წავიდა სწრაფი ჯაჭვური რეაქცია“, - უთხრა ტელეკომპანია „დოჟდს“ ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტმა არკადი დუბნოვმა.

როცა ხალხის პროტესტის ფონზე მთავრობა გადადგომით რეაგირებს, ვალერი ჩეჩელაშვილისთვის დემოკრატიისთვის დამახასიათებელი სვლაა. თუმცა GSAC-ის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ამ შემთხვევაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ყაზახეთის პოლიტიკურ ელიტაში არის ხალხი, ვინც ქვეყანაში შექმნილ რეალობას კარგად აანალიზებს“.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პროტესტის სერიოზულობას ხედავენ კრემლშიც. ვარაუდობენ, რომ პროცესები ბელარუსის სცენარით ვერ განვითარდება - როცა ავტორიტარმა მმართველმა ძალაუფლების შენარჩუნება და გახანგრძლივება შეძლო.

თუმცა ვალერი ჩეჩელაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ არეულობაში სწორედ მოსკოვის ხელი ერიოს, რადგან ნაზარბაევი გარკვეულ საკითხებში პუტინისგან განსხვავებულ პოზიციებს ავლენდა.

ცენტრალური აზიის ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფო, 17-მილიონიანი მოსახლეობით, ევრაზიული კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია.

ნაზარბაევი და პუტინი განსაკუთრებული სიახლოვის დემონსტრირებას ცდილობდნენ. ორი ავტორიტარი ლიდერი წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდა ერთმანეთს. სწორედ ნაზარბაევმა გასწია შუამავლობა რუსეთსა და თურქეთს შორის, თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული დაძაბულობის ეტაპზე.

გაკვეთილი საქართველოსთვის?

ვალერი ჩეჩელაშვილს არ უკვირს, რომ პროტესტი თვალის დახამხამებაში გამწვავდა, რადგან, მისი აზრით, სწორედ „ასე ხდება, როცა სტაბილურობა მოჩვენებითია“ და მაპროვოცირებელი როლი „ნებისმიერმა პატარა მიზეზმა“ შეიძლება შეასრულოს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ფენომენი, რომელიც ბოლომდე არ არის ამოხსნილი მეცნიერებისა და პრაქტიკოსი პოლიტიკოსების მიერ... სხვა სიბრტყეში, მაგრამ, სხვათა შორის, ჩვენთანაც იყო ასეთი შემთხვევა, როცა [2017 წელს] ბათუმში, თითქოსდა სერიოზული მიზეზის გარეშე, სერიოზული სოციალური აფეთქება მოხდა - ერთ ღამეში დაწვეს პოლიციის ავტომობილები, დააზიანეს ბევრი რამ და ამ მშვიდ ქალაქში უცებ ყველაფერი აირია. მაშინ ამას ჩვენ ხომ არ მოველოდით?!“, – გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი.

ის თვლის, რომ ყაზახეთის მოვლენები გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვისაც, რათა ქვეყანაში არ დავუშვათ არეულობა და მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება:

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დღეს ეს მოჩვენებითი სტაბილურობაც არ არის... ყველა ვთანხმდებით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, რომ ვართ მწვავე პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთ მომდევნო ფაზაში... შეიძლება ამას უწოდებენ [ხელისუფლება] ხელოვნურ კრიზისს, მაგრამ გინდა ხელოვნური დაუძახე, კრიზისი კრიზისია...

მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენ ყაზახეთის მაგალითიდან უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ - ჩვენი ქვეყანა მოვლენების ამგვარ განვითარებას ავარიდოთ... შეიძლება ხალხის უკმაყოფილება ახლა ასე არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, რომ გზა ურმის გადატრიალების მერე გამოჩნდეს“.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უკვე მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს და მომავალი სამი წლის განმავლობაში ქვეყანას მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების სწრაფი ტემპები ელის; ხოლო რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ნაბიჯები „ქართულ ოცნებას“ დღის წესრიგს ვერ შეუცვლის.

ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ ფასების ზრდისა და ხალხის მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე, „არადიპლომატიურია“ ეკონომიკის განვითარების მაღალი მაჩვენებლებით თავის მოწონება და ვერც კოვიდთან ბრძოლის შედეგებია საამაყო, როდესაც საქართველოში ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, ხოლო, მაგალითად, მეზობელ სომხეთში ამ მხრივ მდგომარეობა გაცილებით უკეთესად არის.

როგორ განვითარდება მოვლენები?

პროცესების უკრაინული, რევოლუციური სცენარით განვითარებას ვარაუდობს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი. მთავრობის ასე სწრაფად გადაყენებაც მისთვის სწორედ ამისკენ მიანიშნებს.

„მოახერხებს თუ ვერა ხალხი ხელისუფლების ძირეულ შეცვლას, ეს ამ დღეებში გამოჩნდება, მაგრამ ჩანს, რომ ხალხს მობეზრდა კორუმპირებული ჩინოვნიკების მართვა და ცვლილებების სურვილით გამოვიდა ქუჩაში. ყაზახეთი [ცენტრალურ აზიაში] ყველაზე განვითარებული და მდიდარია, მაგრამ მხოლოდ სიმდიდრე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი კმაყოფილი იყოს. ხალხს უნდა, რომ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს თანაბარი განვითარების საშუალება... რუსეთში დაიწყო უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ყველაფერში შეიძლება დასავლეთის ხელი ერიოს... ასეთი ვითარების ეშინია რუსეთს, რადგან მსგავსი არ უნდა თავის ქვეყანაში“, - გვეუბნება ბატიაშვილი.

პოლიტიკური ექსპერტების შეფასებით, ვითარებას ყაზახეთში ის ფაქტი ართულებს, რომ ხალხი სპონტანურად მოქმედებს და ამ ეტაპზე ქუჩის პროტესტს არ მართავენ გამოკვეთილი ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებთანაც ხელისუფლება დალაპარაკებას შეძლებდა.

ისინი შიშობენ, რომ ლიდერების გარეშე მოქმედი ხალხის პროტესტი მასობრივი სისხლისღვრითაც შეიძლება დასრულდეს, როგორც ეს 2011 წელს ყაზახეთის მთავრობამ ქალაქ ჟანაოზენში გააკეთა. მაშინ დემონსტრანტები ლაპარაკობდნენ ათობით მოკლულზე, სახელმწიფომ კი დაღუპულად 11 ადამიანი გამოაცხადა.

ყაზახეთში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები, მაგრამ არა ასეთი მასშტაბითა და მუხტით.

 მათ შორის - დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით იმართებოდა აქციები - 2020 წლის ივნისში, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ათობით დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა როგორც ალმათიში, ასევე - დედაქალაქ ნურ-სულთანში (ყოფილი ასტანა).

 ათეულობით მომიტინგის დაკავება მოჰყვა 2020 წლის მარტში გამართულ საპროტესტო აქციებსაც. ხალხი ცვლილებებსა და ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვდა.

 2019 წლის აპრილში, ალმათიში გამართულ მარათონზე ოთხმა ახალგაზრდა აქტივისტმა გაშალა პლაკატი, წარწერით „სიმართლეს ვერ დაემალებით“.

 ასობით დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა 2019 წლის ივნისშიც, როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები პირველად იმართებოდა, ნაზარბაევის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ. „მოხუცო, წადი“, „არა დესპოტიზმს და დიქტატურას“, - სკანდირებდნენ მაშინ მომიტინგეები.

„მოხუცო, წადი“, - სკანდირებენ ყაზახები 2021 წლის იანვარშიც. მოხუცი ნურსულთან ნაზარბაევია, რომელიც ქვეყნის მმართველობას ფორმალურად 2019 წელს ჩამოშორდა. ოთხშაბათს გავრცელდა ნაზარბაევის სიცოცხლეშივე აღმართული მონუმენტის ჩამოგდების კადრებიც.

radiotavisupleba.ge