საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოქვეყნებულ ვიდეოში 2021 წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს (ვიდეო)

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. 2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 2021 წლის შემაჯამებელ ვიდეოში (ვიდეო იხ. აქ).

2020 წლის გამოწვევებმა ჩვენი, როგორც გლობალური საზოგადოების შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არც ერთ ქვეყანას მათთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს.

2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება. წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა​, გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს, – აცხადებს კელი დეგნანი.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩომ საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გააორმაგა.

ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა-დივერსიფიკაციისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის. 2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია, – აღნიშნავს კელი დეგნანი 2021 წლის შემაჯამებელ ვიდეოში.