საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი კანონმდებელი.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მის ბაზაზე ორი ახალი სამსახური – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურები იფუნქციონირებს.
ეს სამსახურები მომავალი წლის მარტიდან ამოქმედდება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სამსახურებში გადანაწილდება 120 თანამშრომელი, რომელიც ამჟამად ინსპექტორის სამსახურში არის დასაქმებული. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლა არ მოუწევთ.
„დასრულდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვა. ამ დროის განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია და მითი, რასაც კონკრეტული არგუმენტები, დროში გამოცდილი საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სტრასბურგის სასამართლოს ღირებულებები დავუპირისპირეთ. მოსმენის პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არავის ეცადა ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანა, თითქოს სახელმწიფო არ იზრუნებდა მათზე. შესაბამისად, შეიქმნება ორი ახალი ინსტიტუცია, გაფართოვდა სისხლის სამართლის მუხლების გამოძიების ქვემდებარეობა. მოხდა ინსტიტუციური გამიჯვნა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორს შეეძლება კონკურსში მონაწილეობის მიღება, ან, როგორც პრემიერმა განაცხადა, მის მიმართ მოხდება ადეკვატური შეთავაზება. მადლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს გულშემატკივრობისთვის და თუნდაც, კრიტიკულად გამოთქმული მოსაზრებებისთვის. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები არის საქართველოს ინტეგრაციის გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. „ქართული ოცნება“ კვლავ გააგრძელებს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასა და განვითარებას“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.