საზოგადოება
სააკაშვილი არ ეხება პრეზიდენტობისშემდგომ გეგმებს

mikheil-saakashvili_7პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ, მართალია, ახალი კონსტიტუციის პირობებში „თეორიულად“ არსებობს იმის შანსი, პრემიერ-მინისტრად იყაროს კენჭი, რათა მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩეს, მაგრამ ამჟამად მის სამომავლო გეგმებზე საუბარი „აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული“ იქნება.

უკრაინულ ტელეარხთან – „1+1“– ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამ „თეორიული“ შანსის არსებობა „ჩვენთვის სასარგებლოა“, რადგანაც ასეთი შესაძლებლობის არსებობა მას პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე არ ტოვებს, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია იმ „სუპერმნიშვნელოვანი“ რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად, რომლებიც მისი მთავრობის წინაშე დგას.

„თეორიულად არსებობს ასეთი შესაძლებლობა და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამგვარი შესაძლებლობა ჩვენთვის სასარგებლოა, რადგანაც ახლა ჩვენ სუპერმნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ და მე რომ უპერსპექტივო პოლიტიკოსი ვყოფილიყავი, ამ რეფორმებს წარმატების შანსი ნაკლებად ექნებოდა; ამიტომ, რა თქმა უნდა, პერსპექტივები რჩება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მეორე მხრივ, ამ საკითხის განხილვა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნებოდა მრავალი მიზეზის გამო. თითქმის სამი წელია დარჩენილი [მისი საბოლოო საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე 2013 წელს]“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს წლები „გადამწყვეტი“ იქნება მოდერნიზაციისკენ მიმართული რეფორმების განსახორციელებლად.

„ძლიერი პრეზიდენტია საჭირო, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს, და იმისათვის, რომ ძლიერი პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტმა რაღაც პერსპექტივები უნდა დაიტოვო საკუთარი თავისთვის“, – განაცხადა მან.

„ამ მხრივ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ეს [პასუხი] სულაც არ ნიშნავს, რომ მე კითხვას თავს ვარიდებ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საკითხი, გახდება თუ არა ის პრემიერ-მინისტრი, საერთოდ არც განიხილება მის გარემოცვაში.

ამავე თემაზე სააკაშვილმა მსგავსი მოსაზრება ჯერ კიდევ მარტში ამერიკული ტელევიზია „PBS“-თან ინტერვიუში გამოთქვა.

„მე ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მსურს, „კოჭლი იხვი“ [ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი] ვიყო“, – განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა პრემიერობას მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

„წარმოგიდგენიათ, მე რომ ახლა ამაზე რამე ვთქვა? ეს ხომ ავტომატურად გამოუთხრის ძირს მთელ ჩვენს [რეფორმების] კურსს; რა თქმა უნდა, თუ ტონი ბლერი ან ჯორჯ ბუში ხარ ქვეყანაში, სადაც კარგად განვითარებული ინსტიტუტებია, ეს შეიძლება გააკეთო. თუმცა მათაც კი ჰქონდათ პრობლემები; შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პატარა, მიზანსწრაფული ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში „კოჭლი იხვია“? არა მგონია, ამან იმუშაოს... არ ვაპირებ ამ დისკუსიებში შესვლას. ამგვარი დისკუსიები არ არის ხელსაყრელი ჩემი ქვეყნის ახლო მომავლისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა მარტში.