საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას.
ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული.
დავით ნარმანია ამბობს, რომ მაინინგების შეზღუდვის ნაწილში რეაგირება უნდა მოხდეს.
„90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, იქ მოქალაქეები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. კომერციული სექტორიც მხოლოდ მინიმალურ დონეზე, აქაც ამოღების მაჩვენებელი არის ძალიან მინიმალურ დონეზე. ეს განაპირობებს ქსელის დატვირთვას და გადატვირთვას. ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას, როგორიც არის მაგალითად ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ. ამრიგად, უნდა იყოს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში. ეს იმისთვის, რომ რეალურად ვისაც სჭირდება ენერგია, არ დარჩნენ მიწოდების გარეშე. ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული. ამის გარეშე იქ ჩვენ ვერ მოვთხოვთ ენერგო პროს, რომ მიწოდება ხარისხიანი და უწყვეტი იყოს.
თუ არ გადავიხდით ენერგიის გადასახადს, უნდა ვიცოდეთ, რომ გვექნება ხშირი წყვეტები, იქნება ავარიები და ამის გამოსწორებას კიდევ დამატებით გარკვეული დრო დასჭირდება. ამდენად, ისევ ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი. გამოსავალი არის, გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა. და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს. რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაკეთდა შსს-თან ერთად და ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.