საზოგადოება
ალასანია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს ძალა

alasania_4„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობისაკენ მოუწოდა. ასევე მიმართა სახელისუფლებო პარტიას, „გადაუდებლად განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საარჩევნო რეფორმების კონკრეტული შედეგით დასასრულებად“.

„მე მინდა, მოუწოდო ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავებულობა და გონიერება, არ გამოიყენოს ძალა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბოლომდე მისცეს პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე. – ამასთან, აუცილებელია, საპროტესტო აქციაში მონაწილეებს მისცენ საშუალება, უვნებლად და რეპრესიების გარეშე დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში“.

მან, ასევე, მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბოლო დღეებში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ნდობა უნდა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ და გადადგან გაბედული ნაბიჯები პოლიტიკური შეთანხმებების მისაღწევად. „ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ელოდება თითოეული ჩვენი მოქალაქე“, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, უნდა განახლდეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, რომელიც ორი თვის წინათ შეფერხდა. „მე ვთვლი, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს და დრო არის საკმარისი შეთანხმებების მიღწევისთვის“, – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, პოლიტიკური რვიანი საკუთარ პოზიციას დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში დააფიქსირებს.