საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის, ასევე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.
აღნიშნულ კანონის პროექტებს პარლამენტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.
მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის საგანი გახდა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, როცა ყველა ახალი წლისათვის ემზადება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებულად მიღება დამაზიანებელია. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული პაკეტი ცვლილებებს 31 კანონში იწვევს და დაახლოებით 300 გვერდს შეადგენს.