პუბლიკაციები
ზურაბ ქაფიანიძე: „ამერიკამ გაგვიკეთა ყველაზე მონური და უიარაღო ოკუპაცია!“

kafianidzeსაქინფორმის სტუმარია სახალხო არტისტი, საპატიო გენერალი, აკადემიკოსი, უკრაინის საპატიო მოქალაქე ზურაბ ქაფიანიძე.  

– ბატონო ზურაბ, რა მოგვიტანა „ამერიკულმა დემოკრატიამ“, გარდა იმისა, რომ ისტორიულ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებით მიწაწყლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ და ერთმორწმუნე მეზობელთან ურთიერთობა, ღმერთმა უწყის, რამდენი ხნით გავირთულეთ?

– უკრაინაში ექვსი წლის განმავლობაში ფილმში მიღებდნენ. ქართველობის საოცარი სიყვარული ვნახე. მერე რუსეთშიც ვიყავი. რაკი საპატიო მოქალაქეობას შევეხე, უკრაინა ამიტომაც გავიხსენე, თორემ, საერთოდ, სლავ და ქართველ ხალხს ერთმანეთი უყვართ. მეც, როგორც ქართველს, დიდ პატივს მცემდნენ. ვუყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულის კუთხით არ ვიარეთ – პოლიტიკის კუთხით ვიარეთ. პოლიტიკა კი ჭუჭყიანია.

– ამ პოლიტიკაში დიდი წვლილი ამერიკასა და იმ ამერიკულ კურსს მიუძღვის, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ აირჩია ქართველი ხალხის დაუკითხავად. რუსეთ- საქართველოს ურთიერთობაში პოლიტიკური დაძაბულობა სწორედ მათი შეტანილია. ჩვენი უპირველესი ინტერესი კი ის არის, რაც ხალხს სჭირდება და ქვეყანას უფრო გამოადგება.

– მართალია. გვყავს საუკუნოვანი ისტორიული ძლიერი „კარის მეზობელი“, რომელსაც პირდაპირ ჰკრა ხელი არა ხალხმა, არამედ ხელისუფლებამ. ეს ამერიკის პირდაპირი დავალება იყო. თუ არ მოგეწონება ეს მეზობელი, კვარტალს გამოიცვლი, თუ საცხოვრებლად სხვაგან გადახვალ? რას იზამ, მაინტერესებს... ქართველმა პოლიტიკოსებმა არ იძახეს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, ძირს რუსეთის იმპერიაო?! კი ბატონო, იძახე დამოუკიდებლობა, მაგრამ გაუმარჯოს მეგობრობას, მეზობლობასაც, ძმობას გაუმარჯოს-თქო, დააყოლე. შეიძლებოდა გეყვირა – ძირს მეზობელიო? ვერ გადასახლდება... მაინც მეზობლად დარჩება… შენ კი ამ მეზობელთან გაფუჭებული ურთიერთობით უნდა იცხოვრო...

– ამას იმისთვის ყვიროდნენ, რომ დიდი ფულით იმთავითვე ამერიკის ინტერესი იდო. ყველაფერი – კოდორსა და სამაჩაბლოში შეჭრაც, პროამერიკული ფრთის გეგმა იყო...

– ამერიკა ჩვენი საზიზღარი მტერია. რუსეთმა, როცა პირველად შემოვიდა და რაც 200 წლის განმავლობაში გვიმტრო, ის ვერ მოახერხა, რაც ამერიკამ 6-7 წელიწადში გააკეთა. ოსებთან ურთიერთობის აღდგენა რომ დაიწყო და დელეგაციებს აგზავნიდნენ, მათ შემოუთვალეს – ზურაბ ქაფიანიძე გამოაგზავნეთ, რაც გინდათ, დაავალეთო! ვინ გამაკარა?! – არაფრით არ ჩამრიეს.

– როგორც არაპოლიტიკოსმა, მეც და ბევრმა ადამიანმაც ეს ასე გავიგეთ, რომ საქართველოს ნებისმიერი გზით უნდა გაგვეგდო რუსეთის სამხედრო ძალა და ამერიკის სამხედრო ძალით ჩაგვენაცვლებინა. საუბარიც „ნატოში“ შესვლით ტერიტორიების დაბრუნებასა და დასავლეთიდან წამოსულ „ყველა სიკეთეზეც“ აქედან დაიწყო. თურმე არც ტერიტორიების დაბრუნებას ფიქრობდა ვინმე და ჩვენი ახალგაზრდებიც – საქართველოს მომავალი, ამერიკის ინტერესებს უნდა შეეწიროს...

– ასეა! აბა, სხვა რაში სჭირდება ამერიკას „ნამცეცა საქართველოს“ ძალა, რაში უნდა დაეხმარო?

– ვფიქრობ, ორ სუპერსახელმწიფოს შორის კავკასიისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოს ამერიკა, ვიძახოთ –„ევროპელები ვართო“, კულტურულად, მენტალურად, რელიგიურად და ეთნიკურადაც კი, ბევრად მეტი გვაქვს საერთო რუსეთთან, ვიდრე ამ ყველაფრით ჩვენთვის სრულიად უცხო და შორეულ ამერიკასთან. ისტორიულადაც კავკასია რუსეთთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ამერიკასთან. გავიხსენოთ, თუნდაც, ლერმონტოვი, გრიბოედოვი, ჩაიკოვსკი... დღეს ეს გეოპოლიტიკის საკითხია. ამერიკას დასჭირდა და მოისურვა, ხელში ჩაიგდოს კავკასია როგორც მსოფლიოზე კონტროლის ერთ-ერთი ბერკეტი. არაფერს ეკითხება იქ მცხოვრებ ხალხს. ახლად გაცხადებული „კავკასიის ევროკავშირის“ შექმნითაც, ჩანს, ამერიკის მითითებით ხელისუფლებას რუსეთისთვის, როგორც იტყვიან – „под боком“, კავკასიის სახით „ახალი ბომბის“ ჩადება სურს, წამყვანი როლი კი, ისტორიულად, საქართველომ უნდა შეასრულოს...

– მართალი ბრძანდებით. არსებობს ასეთი გამონათქვამი: „თუ გინდა, რომ ძალაუფლებას ფლობდე, საქართველო უნდა დაიპყრო, ხოლო თუ მსოფლიოზე ბატონობა გსურს – კავკასია“. მე ერთი რამ ვიცი: რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო იმისთვის მოიგონა, რომ ეს ქართველები არ დაეკარგა და რაღაცნაირად ახლოს ჰყოლოდა. ის სხვანაირად ვერ გაგაგებინებდა – მეგობრები ვიყოთო. ვერ გაიგეს ეს ამ პოლიტიკოსებმა.

რუსეთის ბოლო დროის პრეზიდენტი ელცინიც ხომ ჩამოვიდა? არ გითხრა – კი ბატონო, აფხაზეთიცა და სამაჩაბლოც თქვენიაო?! რატომ გავარღვიეთ ეს გზა? რატომ არ გავყევით ამ მეგობრობის გზას? იმიტომ, რომ ამერიკა ჩაერია, დიდი ფული დახარჯა?! ბევრი, ვისაც რუსეთის დაშლა ახარებს, არ აცნობიერებს, რომ დაშლილი რუსეთის პირობებში, საქართველო ისევ მუსლიმანური ქვეყნების გარემოცვაში მოექცევა; იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც ერეკლე მეორეს დროს იყო – ეთნიკური გადაშენება-გადაგვარების პირას.

– გავხდით „მაშასადამე ევროპელები“, მაგრამ თუ მაინცადამაინც იმპერიაზე ვსაუბრობთ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომელ იმპერიაში იქნება? რა შეიცვლება რუსების გაყრით, მათი ბაზების გაყვანით და ამ რუსული ბაზების ამერიკულით ჩანაცვლებით, თუ ცნობიერება გაგვინადგურდა? ქართველი ამ ამერიკულს ვერა და ვერ იღებს. ჩვენი ცნობიერება რუსულ მართლმადიდებლობასთან მაინც ბევრად მეტად თანხვედრაშია, ვიდრე ამერიკულ პროტესტანტიზმსა და სექტანტიზმთან. სად არის ან ეს ჩვენი ნანატრი დამოუკიდებლობა?.. რუსული, რომელიც აკრძალეს, ჩვენი მშობლიური არ ყოფილა, მაგრამ ახლა ლამის ქართულადაც აღარ გვალაპარაკებენ. ენის ასეთი ამერიკანიზაცია ერის გადაშენება და წაშლა არ არის?

– სწორედ მაგის გაკეთება უნდათ ამერიკელებს. ამიტომ შემოგვიყვანეს ის ათასი კახპა მასწავლებელი და კიდევ აპირებენ შემოყვანას. ყველა ენას გაუმარჯოს, მაგრამ ინგლისური ენა – ქართულთან?! გაგონილა?!

– რომელი წინაპარი გვყავდა შოტლანდიელი ან ბრიტანელი, აუცილებლად ინგლისურად რომ ვისაუბროთ?

– ინგლისურად იმიტომ უნდა ილაპარაკო, რომ შენი გადაშენება უნდა ამ ამერიკას. ვეღარ უნდა გაიგო?

– ბატონო ზურაბ, სულ სინგაპური გვესმის, სადაც სახელმწიფო ენად ლამის ორმოცი ენაა აღიარებული. ამას პრეზიდენტი კოსმოპოლიტიზმით ხსნის. რუსთაველზე, ვაჟაზე დიდი კოსმოპოლიტი ბევრ ერს არ ჰყავს. ამერიკამ ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოს როგორ უნდა ასწავლოს?

– ჯოყოლა და ზვიადაური გაიხსენეთ, „ვეფხისტყაოსანი“ გაიხსენეთ, სადაც ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი სხვადასხვა ეროვნებისა და ქვეყნის ბიჭები არიან, მაგრამ კაცები იყვნენ!

– „ვეფხისტყაოსანი“ ბიბლიის კალკია და სიყვარულიც უფლის სიყვარულს გულისხმობს. განათლების პირველმა პროამერიკულმა მინისტრმა ამ მსოფლიო დონის პოემას, ქართველი ერის საგანძურს, ნაგავში გადასაგდები უწოდა. ქვეყანა საკუთარ ისტორიასა და წარსულს „ნაგავში რომ გადაუძახებ“, ან მომავალზე ამბობ უარს, უძველესი ცივილიზაციის, ტრადიციის ერი არსებობას წყვეტ, ან ეგუები იმას, რომ ნელ-ნელა გადაშენდები და „ამერიკანიზებულ ზომბად“ იქცევი?!

– აი სწორედ ეგ უნდათ. მსოფლიოს მკვლევარები წერენ, რომ წერა-კითხვაც, ლურსმული დამწერლობაც იმ შუმერების შექმნილია, ვინც დღეს ქართველები ვართ. ეს ჩვენ მეცნიერებათა აკადემიაშიც დავადგინეთ. ოთხჯერ გავაგზავნეთ პენსილვანიისა და ჩიკაგოს ინსტიტუტების შუმეროლოგებთან ამის თაობაზე. ათი წელი ვუგზავნეთ წიგნები, სტატიები, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

– ამერიკას, როგორც ქვეყანას, სხვა დიდი ისტორიისა და ცივილიზაციის მსგავსი არ გააჩნია. ამიტომ, ალბათ, ურჩევნია, ასეთი სხვასაც არ ჰქონდეს.

– ვერაფერს შეცვლიან! აქ რომ ჩამოდიან, ხვდებათ მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა და ნიჭიერება. აღნიშნავენ, ასეთი არსად გვინახავსო. ვერც ნახავენ, იმიტომ, რომ იქ ყველა თავისთვის ჭამს და სვამს.

– გამოთქმა გვაქვს: „სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე!“ ყველას ადათ-წესებს, ტრადიციას, ისტორიას ანგარიშს ვუწევთ. ჩვენთან ვინც ჩამოვიდა, განსაკუთრებით, რაც „ევროპელები გავხდით“, ყველა „თავისი ქუდის დახურვას“ ცდილობს ჩვენთვის.

– რას ამბობთ, რა ევროპელები?! ეს არის საერთაშორისო დემოკრატია? ზეზვა და მზია – პირველყოფილი ადამიანები, აზიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და თურმე ევროპელები ვყოფილვართ? აზიაა ეს?!. ასეთი ბრიყვი როგორ უნდა იყო, რომ აზიის ტერიტორიაზე „პირველყოფილი ევროპელი“ აღმოაჩინო...

– ბატონო ზურაბ, ასეთი პოლიტიკაა – ყველაფერი დასავლეთიდან უნდა იწყებოდეს! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართლმადიდებლებს ტაძრებში საკურთხეველი გვაქვს აღმოსავლეთით და მზეც აღმოსავლეთიდან ამოდის. საუკუნოვან გენეტიკას ხომ ვერ გამოვიცვლით?

– ასე თუ გაგრძელდა, კიდეც გამოგაცვლევინებენ.

– ეს იმ შემთხვევაში, თუ დაგვიპყრეს და ხელები ჩამოვუშვით...

– დაპყრობილიც ხარ და მეტიც! ამერიკამ გაგიკეთა ყველაზე მონური და უიარაღო ოკუპაცია. მაშინ, როდესაც რუსეთი სალაპარაკოდ კარზე იყო მომდგარი, ამერიკამ ფოთში სამხედრო გემი შემოგიყვანა. სპეციალურად გააგიჟა და გააღიზიანა რუსეთი. ჩვენს ხარჯზე თავისი საქმე გააკეთა. ან თურქეთს რა უნდა ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში? სელჩუკი იქ ლამის ერთი პროცენტი ცხოვრობს... ხეთები, კაპადოკიელები, ჭანები, ლაზები თითქმის ერთი მოდგმა ხალხია. მათ ენაც, გვარიც, სახელიც, რელიგიაც და დამწერლობაც წაართვეს. 94 წელს ხეთებმა თქვეს – არ ვართ თურქებიო და იმ წუთას ჩააჩუმეს. ეს არის დემოკრატია?!

– რომელ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, როდესაც მართლმადიდებლურ ქვეყანაში რელიგიური მრწამსისთვის 8-8 წლით ხალხს აპატიმრებენ... აშშ-ის წინა ელჩი ტეფტი აცხადებდა, რომ საქართველოში მართლმადიდებლობას სხვა რელიგიაზე მეტი უფლებები არ უნდა ჰქონდეს. ფაქტობრივად, ამას ქადაგებს პრეზიდენტიც. არსებობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატი. ჩვენმა სარწმუნოებამ ისტორიული როლის გამო შეიძინა ეს უპირატესი სტატუსი. სწორედ იმ მანკიერებებს კრძალავს, რაც დასავლეთის სახელით შემოდის – ბიძაშვილ-მამიდაშვილის ქორწინებასა და უზნეობებს. ცხოველებშიც კი ერთი დედის ლეკვებს, გენეტიკური სიმახინჯის გამო, არ აჯვარებენ. ჩვენ დასავლურობის სახელით ეროვნებაც, მამის სახელიც წაგვართვეს... ახლა უკვე ენის წართმევაც სურთ...

– ეგ არის ერის გათახსირება. შვიდ თაობამდე დაქორწინება სწორედ იმიტომ არ შეიძლება, რომ გენი არ წახდეს. ერს თუ სპობ და კლავ, ის უნდა გაათახსირო და მოსპო.

– ე.ი. იქამდე მივედით, ბატონო ზურაბ, რომ ამერიკული პოლიტიკით საქართველოს გამიზნულად სპობენ?

– რა, აქამდე ვერ გაიგე? აბა, ამერიკას მეტი რისთვის უნდიხარ? ყველამ იცის, რომ გამიზნულად გისპობს საქართველოს. აღარ მახსოვს, ვაჟასია, თუ ხალხური მოთხრობაა – მტერმა იძლიერა, იძლიერა და ხალხმა ლპობა დაიწყო. გადაგვარებამდე მივიდა ერი. ერთმა ბიჭმა, ხალხის გამოფხიზლების იმედით, მოუწოდა, გამოვიდა და მარტო შეაკვდა მტერს. ამან იმოქმედა და ხალხი მართლა გამოფხიზლდა!..

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“