პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილი პუტინის პატიმარია

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ამის შესახებ მარგველაშვილმა გორის ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს“.

ჩვენ გვქონდა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა. ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც საქართველოს წინაშეა. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ პუტინის ინტერესებშია, პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი არის დაპატიმრებული და გამოკეტილი.

ამის პარალელურად, ვართ რა გადაფასების, გააზრების პროცესში, რომ ყველა პერიოდში რაღაც მიდიოდა არასწორად და საჭირო იყო ამის გასწორება, ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმეები, რომელიც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა დიდი რაოდენობის მიერ მოტივირებულად. შეიძლება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები. ეს ნიშნავს, რომ გადაფასებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ. შესაბამისად, როდესაც ამ მაგიდასთან, სადაც საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს საუბრის აქტორების დევნა ან პატიმრობა. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, აუცილებლად უნდა შედგეს სამი პრეზიდენტისა და სამი მთავარსარდლის ფორმატი“.