საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის „პროკურატურამ“ სოხუმში რეგიონის ლიდერის, ასლან ბჟანიას წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 21-22 დეკემბრის ღამით მომხდარ არეულობაზე გამოძიება დაიწყო.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „პროკურატურა“ საქმეს აფხაზეთის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 206 (1-ელი), 206 (მე-2) და 320 (მე-3) მუხლებით იძიებს, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის მოწყობას, რასაც თან ახლდა რბევა დ ქონების განადგურება; მასობრივ არეულობაში მონაწილეობას; „სახელმწიფო თანამდებობის პირზე ძალადობას ან მის მიმართ ძალადობის მუქარას.
პირველი ბრალი 5-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მეორე 4-8 წლამდე პატიმრობას, მესამე კი – ჯარიმას ან 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„აფსნიპრესის“ ცნობით, პროკურატურა სავარაუდო დამნაშავეთა გამოვლენისა და არეულობის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.
21-22 დეკემბრის აქცია ბჟანიას წინააღმდეგ გამართული ყველაზე მწვავე აქცია იყო, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტის ვადამდელი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.
პროტესტი არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „საკანონმდებლო ორგანოში“ შეღწევის მიზნით, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.
აქციის ორგანიზატორი ახლახან შექმნილი აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირია, რომელიც წლის განმავლობაში მომხდარი რიგი უთანხმოებების, მათ შორის, სოხუმის სროლის ინციდენტისა და გაუარესებულ კანონაღსრულებაზე წუხილების გამო ასლან ბჟანიას ადმინისტრაციას სულ უფრო უპირისპირდება.
სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა ასევე გააპროტესტა ოპოზიციის ლიდერის, კან კვარჩიას მფლობელობაში არსებული ბესლეთის უძველესი ჰესის პრივატიზაციის თაობაზე მიმდინარე გამოძიება. ოპოზიცია გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და „მთავარი პროკურორის“, ადგურ აგრბას გადაყენებას ითხოვს.
ამას გარდა, ოპოზიცია „საკანონმდებლო ორგანოში“ ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ეს გეგმა სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა აფხაზეთის ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ გაახმოვანა.