პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველები თეთრი მონები არ გახდებიან!

 ქართველი პუბლიცისტი აშშ-ის ელჩს შეახსენებს

საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი.

პირველ რიგში, წესრიგი დაამყარეთ საკუთარ თავებში და მერე ქართველებს ღვინის დაწურვა ასწავლეთ!

მოგმართავთ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელი არნო ხიდირბეგიშვილი, ვის კრიტიკასაც თქვენ არასდროს ტოვებთ უყურადღებოდ — დაუყოვნებლივ პასუხობთ ამერიკის საელჩოს სახელით გაკეთებული განცხადებებით „საქინფორმის“ ხსენების გარეშე. მოგმართავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რადგან, მიუხედავად ყველა შეცდომისა, პირველი იყო, ვინც საჯაროდ გამოფინა ამერიკელი საზოგადოების სნეულებანი — ლგბტ-სა და რელიგიური სექტების მოძალება, ფეიკ-მედია, უაზრო ომები და რევოლუციები მთელ მსოფლიოში ერთი მუჭა ხალხის გასამდიდრებლად.

მოგმართავთ ქართველი, რომელიც პატარაობიდანვე აღფრთოვანებულია ამერიკითა და მისი მიღწევებით, რომელმაც სკოლის წლებში ოთახის კედელზე გააკრა ამერიკელ მრეწველთა დევიზი: „თუ თქვენი თხოვნა რთულია, დაუყოვნებლივ შევასრულებთ, ხოლო, თუ ის შეუძლებელია, მაშინ მის შესრულებას გარკვეული დრო დასჭირდება“. თუმცა, ობამა-კლინტონის ადმინისტრაციის დროს მე ჩემს თანამემამულეებს შევთავაზე არჩევანი: „ღმერთი ან აშშ“.

მოგმართავთ ადამიანი, რომელმაც იცის აშშ-ის ისტორია და უყვარს ამერიკული ხელოვნება, შეხვედრისას კი შეუძლია ფორტეპიანოზე შეგისრულოთ ფრაგმენტები ჯორჯ გერშვინის გენიალური ოპერიდან „პორგი და ბესი“.

მოგმართავთ პუბლიცისტი და ჟურნალისტი, რომელიც შეხვედრია აშშ-ის ყველა ელჩს საქართველოში, ხოლო რიჩარდ მაილსს პირადად იცნობდა. თუმცა, თქვენნაირი ელჩი, ქალბატონო დეგნან, მე არ მახსოვს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ნიადაგ დაკავებული ხართ საქართველოს საგარეო და საშინაო საქმეებით, იმისდა მიუხედავად, რომ თქვენი სამშობლო — აშშ — ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. როგორც ხვდებით, ვგულისხმობ არა კორონავირუსს, არამედ ყველა იმ „დემოკრატიული ფასეულობის“ ნგრევას, რომელზეც დგას და რომლითაც ამაყობს ამერიკა.

რა უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არის პოლიტპატიმარი, რომელმაც ციხიდან პირდაპირ სადეპუტატო სავარძელში უნდა გადაინაცვლოს, როგორი უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო სისტემა და ა.შ. და ა.შ. — მთელი დღეები თქვენ ჭკუას არიგებთ ქართველებს, ამავდროულად დაქრიხართ დურბინდით ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების გამყოფი მავთულხლართების გასწვრივ და გულის შეტევებს მართებთ რუსული ბაზების მეთაურებს. მათ ეშინიათ, რომელიმე მზედაკრული იდიოტი ან ვაჟა ექიმისნაირი პროვოკატორი, თქვენი იქ ყოფნით შეგულიანებული, „შეტევაზე“ არ გადავიდეს და არ აიძულოს ისინი, წესდების მიხედვით იმოქმედონ.

ამიტომ, საქართველოსთვის დაუღალავი „ზრუნვისათვის“ მადლიერების ნიშნად, მინდა, დახმარება შემოგთავაზოთ. მინდა, დაგეხმაროთ თავის დახსნაში „ვესტსაიდური“, უკაცრავად, ქართული ისტორიიდან, რომელშიც თქვენ, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, გემიდან პირდაპირ რუსთაველზე აღმოჩნდით და ადრე თუ გვიან უკან გაგიწვევენ, თუკი კვლავაც ამ ხაზს გააგრძელებთ.

„ერთხელ ამერიკაში“, უკაცრავად, საქართველოში,

ორი წლის განმავლობაში ჩვენ მშვიდად ვცხოვრობდით ამერიკის ელჩის გარეშე და, როგორც ხედავთ, არაფერი მოგვსვლია. ამიტომ ჩემი წერილი თქვენდამი ნაკარნახევია მხოლოდ საუკეთესო განზრახვებითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ელჩის იმი}ზე ზრუნვით!

მაშ, ასე:

ქალბატონო კელი დეგნან,

შემთხვევით რაიმე ხომ არ გსმენიათ თეთრი მონების შესახებ? არა? მხოლოდ შავი მონების არსებობა უწყით? მაშინ, ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგითხროთ მათ შესახებ. თავის დროზე დიდი რეაქცია მოჰყვა ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც პაპი ფრანცისკე ფეხებს უკოცნის ფერადკანიანებს — სამხრეთ სუდანის ლიდერებს, ასევე ლტოლვილებსა და პატიმრებს. იგივე ხდებოდა აშშ-ში, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ თეთრი ამერიკელები ქუჩებში ფეხებს უკოცნიდნენ აფროამერიკელებს. ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლებმა მკაცრად დაგმეს მოკრძალებისა და სინანულის გამოხატვის ამგვარი ფორმა, თუმცა, საქართველოშიც არიან თეთრი მონები — სააკაშვილის მონები, ამჟამად მის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მზრუნველნი და მისი 50-დღიანი დიეტით შეწუხებულნი... თქვენ როგორ ფიქრობთ, პატივცემულო კელი დეგნან?

ხომ არ მიგაჩნიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიზანშეუწონლად იესოს ზედმიწევნით მიბაძვა, რომელიც თავის მოწაფეებს ფეხებს ჰბანდა? მოგეხსენებათ, რომ იოანეს სახარებაში აღწერილი რიტუალი, რომელიც ქრისტეს უკიდურესი თავმდაბლობის უმაღლეს ფორმას გამოხატავს, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში სრულდება დიდ ხუთშაბათს ღვთისმსახურების დროს. ამ მოქმედების დასრულების შემდეგ, რომელიც საიდუმლო სერობის დასაწყისში მოხდა, მასწავლებელმა მოსწავლეებს მიმართა დარიგებებით, რომლებიც დასრულდა შემდეგი სიტყვებით: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული — თავის მომავლინებელზე უპირატესი! თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას“.

„არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი“, — ამბობს უფალი, მაშასადამე, თქვენი აზრით, ისიც რასისტი და მონათმფლობელია?! მაშინ ვანდალებმა, რომლებმაც აშშ-ში ამერიკის „მამების“ ძეგლები შებილწეს, ანგრიონ ეკლესიები და დაწვან ჯვარცმები! სხვათაშორის, ცეცხლმოკიდებული ჯვარი კუ-კლუქს-კლანის სიმბოლოა, გსმენიათ ასეთი ორგანიზაციისა და ლინჩის სასამართლოს შესახებ, ქალბატონო აშშ-ის ელჩო? თუ გაინტერესებთ ჩემი დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა იმ ქვეყნის მოსახლეობის აზრს, სადაც თქვენ აშშ-ს წარმოადგენთ, მაშინ იცოდეთ, რომ მოყვასის ფეხების მუხლმოდრეკილი დაკოცნა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მონური ფსიქოლოგიის აშკარა გამოვლინებაა, ისინიც მონები არიან, ოღონდ — თეთრი მონები!

ნუთუ აშშ-ის მოქალაქე ფერადკანიანებს მხოლოდ დღეს გაახსენდათ, რომ თავისი ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ამერიკა მონათმფლობელური ქვეყანა იყო, თავისი დაკანონებული რასიზმითურთ?! რომ იმ მოღვაწეთა უმრავლესობა, რომელსაც ემყარება ამერიკა და ვის ძეგლებსაც დღეს ანგრევენ, მართლაც მონათმფლობელები იყვნენ და თეთრი რასის უპირატესობას ქადაგებდნენ?! მაგრამ ნუთუ ამერიკას ჯერ არ დაუხურავს თავისი ისტორიის სამარცხვინო გვერდები გერმანიისგან განსხვავებით, რომელმაც ფაშიზმი დიდი ხანია, ამოძირკვა?! განა არ აირჩიეს აფროამერიკელი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტად, განა არ აკრძალეს სიტყვა „ზანგის“ გამოყენება და არ აიღეს აბრები „მხოლოდ თეთრებისთვის“?

ან იქნებ სინდისი გქენჯნით თქვენი წინაპრების გამო, რომლებიც, შესაძლოა, მონათმფლობელები ანდა მონათა ზედამხედველები იყვნენ და ყავის პლანტაციებში აწამებდნენ ზანგებს, პოპულარული სიმღერის „მოკლეს ზანგი“ თანხლებით? არა?! მაშ, საიდან გაქვთ ეს მონური ფსიქოლოგია? ეს დანაშაულის კომპლექსია, როდესაც დამნაშავეებს, რომლებიც მაღაზიებს ძარცვავენ და ტელევიზორებს, მობილურებსა და ტანსაცმელს იპარავენ, „საპროტესტო აქციის მონაწილეებს“ ეძახით! სწორედ „მშვიდობიანი მომიტინგეები“ უწოდეთ პირადად თქვენ ფერადკანიან რასისტებს აშშ-ის საელჩოს სახელით გავრცელებულ ფარისევლურ განცხადებაში და თუმცა, იმ დღიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა, სამწუხაროდ, არ გვავიწყდება!

გულახდილად თქვით — ფერადკანიან პოლიციელს დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის მსგავსი, ოღონდ თეთრკანიანი ბოროტმოქმედი რომ გაეგუდა, აშშ-ში ვინმე ამას საერთოდ ყურადღებას მიაქცევდა?! ან რა განსხვავებაა შავსა და თეთრ რასიზმს, შავსა და თეთრ მონებს შორის? თქვენ, ამერიკელ მისიონერს, რომელიც ქართველი აბორიგენებისთვის ამერიკული დემოკრატიის საქადაგებლად კოლონია ჯორჯიაში ჩამოვიდა, სადაც რასიზმი არასდროს ყოფილა, შეგიძლიათ, უპასუხოთ ამ კითხვებს? არა?! მაშინ აღიარეთ, რომ თქვენ, დასავლური ფასეულობების მატარებლებმა, დიდი შეცდომა დაუშვით ეთნიკურ, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების ექსკლუზიური ხაზგასმით, მათი გათანაბრებითა და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით უმრავლესობის უფლებებთან შედარებით! საქართველოში არასდროს ყოფილა ქსენოფობია და ჰომოფობია, ხოლო 80-ზე მეტი ეროვნება და ეთნიკური ჯგუფი მშვიდობიანად ცხოვრობდა, მაშინ რატომ აღიზიანებთ ავტოქტონურ ტრადიციულად მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალურ მოსახლეობას — რატომ ლობირებთ }იუტად ლგბტ-ს, რელიგიური სექტანტებისა და სააკაშვილის სექტის უფლებებს?!

ან იქნებ თქვენს „მშვიდობიან პროტესტანტებს“ ტყუილუბრალოდ არ აუღიათ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა? იქნებ დადგა დრო, დროებით ჩაკეტოთ ამერიკა და შინ წესრიგი დაამყაროთ?! ვფიქრობ, კოვიდ-19-ის პირობებში მცირეოდენი თვითიზოლაცია მხოლოდ გარგებთ! დღეს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა მიმდინარეობს თავად ამერიკაში, ხოლო იმ სისხლიანი „ფერადი რევოლუციების“ საზღაურად, რომლებსაც აშშ მთელ მსოფლიოში აწყობდა, თქვენ მიიღეთ „შავი რევოლუცია“ სახლში. ამიტომ, პირველ რიგში, წესრიგი დაამყარეთ საკუთარ თავებში და მერე ქართველებს ღვინის დაწურვა ასწავლეთ!

მინდა, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთ მიზეზზე შევჩერდე. ძეგლების ნგრევა აშშ-ში არამარტო თქვენი ხალხის კულტურის მაჩვენებელია — ვგულისხმობ ყველას, ვინც არ ეწინააღმდეგება ვანდალებს. ეს არის საზღაური გორში სტალინის ძეგლის დანგრევისა და ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის გმირების მემორიალის აფეთქებისთვის, რაც თქვენმა ხელდასხმულმა „დემოკრატიის შუქურამ“ — სააკაშვილმა განახორციელა! სამწუხაროდ, ამ უკანასკნელს ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგეთ, რადგან მის უკან თქვენ — აშშ იდექით!

მაშ, რატომ აბრუნებთ ძალით საქართველოს ხელისუფლებაში ხალხს, რომელიც ათობითათასობით ქართველს ისეთი მეთოდებით აწამებდა, რაც აშშ-ში ყველაზე სასტიკ მონათ-მფლობელებს არ დასიზმრებიათ?! აწამებდნენ ისე, როგორც თქვენი }არისკაცები აწამებდნენ კადაფს, რომელსაც ავტომატის ლულა უკანა ტანში შეტენეს...

და კიდევ: აშშ-ში მიმდინარე მოვლენები არის საზღაური ისტორიის გაყალბებისა და საბჭოთა კავშირის 27 მილიონი მოქალაქის ხსოვნის შეურაცხყოფისთვის, რომელთა როლსაც ფაშიზმზე დიად გამარჯვებაში საერთოდ არ ახსენებთ (თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პუტინთან ბოლოდროინდელ სატელეფონო საუბარს!‘ ასე განაგრძეთ და საკუთარ სახლში ჩრდილოეთისა და სამხრეთის ახალ ომს მიიღებთ.

ღმერთმა დამიფაროს, ჭკუა გასწავლოთ, მაგრამ განა ასეთი ამერიკა გვიყვარდა?! განა ასეთ ამერიკასთან გვსურს მეგობრობა და ურთიერთობების შენება? ნუთუ საქართველო აშშ-სთვის, როგორც პარტნიორი, მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში იყო საინტერესო?! ან კიდევ — როგორც პლაცდარმი სამხედრო ბაზებისთვის შავი ზღვის რეგიონში რუსეთის და ირანის წინააღმდეგ?!

აშშ-ს დიდი ხანია, არავინ გაუკვირვებია მეცნიერული აღმოჩენებითა და ხელოვნების შედევრებით, იგი მხოლოდ ვაშინგტონიდან ცხრა მთას იქით წარმოებული ომებით წარმოჩინდა! დღეს ჩინელები, კორეელები და იაპონელები თქვენზე უკეთეს მანქანებსა და კომპიუტერებს ამზადებენ და მთელი ამერიკა იყენებს მათ საქონელს! რუსებს კი ისეთი იარაღი აქვთ, რომელიც არავის დაესიზმრება. დიახ, უნდა ვაღიარო — ბევრისგან განსხვავებით, თქვენ აფასებთ ადამიანის შრომას და კარგ გასამრჯელოს უხდით დაქირავებულ მუშაკებს, თუნდაც ეს სამუშაო სამშობლოს ღალატი იყოს!

ან იქნებ საქმე იმ 5,5 მილიარდ დოლარშია, რომელიც თქვენ დახარჯეთ საქართველოში ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში და დღემდე ვერ ჩამოწერეთ?! მაშინ პირდაპირ გვითხარით, ეს არ არის იმხელა ფული, რომ ამით სრულიად საქართველო იყიდოთ!

ქალბატონო აშშ-ის ელჩო, ნუ აიძულებთ ქართველებს, მოგეპყრან ისე, როგორც მთელ მსოფლიოში გეპყრობიან — ვიეტნამელები, ლიბიელები, სერბები და ყველა, ვინც კი დაამცირეთ! ჩვენ არ ვართ თეთრი მონები და არასდროს გავხდებით! მწამებლებთან და მჩაგვრელებთან შერიგების მოწოდებათა კვალდაკვალ ძალიან გაჭირდება, ხალხს ავუხსნათ, რომ, აქაოდა, არსებობს ორი ამერიკა: კარგი — ამერიკელი ხალხის და ცუდი — კოლონიალისტების, რომლებსაც სააკაშვილისნაირი „სუკინსინები“ ჯერ კიდევ ეიმედებათ!

საქართველოს სამხედრო გზასთან, ფასანაურის სიახლოვეს, ერთმანეთს ერთვის თეთრი და შავი არაგვი. ორი სხვადასხვა ფერის მდინარე უმალ როდი ერწყმის ერთმანეთს და შესართავიდან გარკვეულ მანძილზე ისე მიედინება, რომ წყლის ნაკადის ნახევარი თეთრია და ნახევარი — შავი. უკვდავებიდან უკვდავებაში მიმავალი თეთრი და შავი არაგვის რბოლა თითქოს შეგვახსენებს ქართველებს, რომ თეთრი და შავი მარადიულად განიყოფის, თუნდაც ოდესმე, კოჰაბიტაციის წყალობით, ერთ კალაპოტში მოექცნენ!

წყარო: „ასავალ-დასავალი“