საზოგადოება
ჩხოროწყუში ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის კანდიდატი აირჩია

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციამ თანამშრომლობა წარმატებით შეძლო და საკრებულოს თავმჯდომარედ საერთო კანდიდატი აირჩია. ამ პოსტზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ მხარი პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატს, შოთა წურწუმიას დაუჭირეს.

წურწუმიამ 15 ოპოზიციონერიდან 14-ის ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი – გაბათილდა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. ჩხოროწყუს 27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია საქართველოსთვის 7-7, ლელოს კი – 1.

მანამდე, 3 და 9 დეკემბერს ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ორჯერ ვერ აირჩიეს. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს მხარდაჭერისა, 9 დეკემბერს წურწუმიამ საჭირო 14 ხმა ვერ მიიღო, რამდენადაც ფარულ კენჭისყრაში ერთმა ოპოზიციონერმა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს მისცა, ერთი ბიულეტენი კი – გაბათილდა.