რელიგია
საპატრიარქო: რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ვრცელდება კადრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“ შესახებ - რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება.

"ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება კადრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“ - რამინ თარაშვილის შესახებ, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სასულიერო პირისათვის შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებს.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს. იგი არასდროს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

ამასთან, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება. კერძოდ, რომელ ეკლესიას ეკუთვნის და ნამდვილად არის თუ არა იგი სასულიერო პირი. თავად რამინ თარაშვილი საჯაროდ ერიდება ამ საკითხზე საუბარს, არ ასახელებს, კონკრეტულად რომელი ეკლესიის წევრია, სად და ვის მიერ არის ხელდასხმული, სად მსახურობს ამჟამად.

მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ რამინ თარაშვილი უნდა მსახურობდეს დნეპროპეტროვსკის ფერისცვალების ტაძარში. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა. თუმცა იქ რამინ თარაშვილი ნამდვილად არ მსახურობს. უფრო მეტიც, დნეპროპეტროვსკის ეპარქიის სასულიერო პირთა სიაში მისი სახელი და გვარი საერთოდ არ ფიქსირდება.

მართლმადიდებელი სასულიერო პირისათვის შეუსაბამო და ყოვლად მიუღებელია სრული სამღვდელო შესამოსლით პოლიტიკურ აქციაზე გამოსვლა. ასეთი სამოსით სასულიერო პირი მხოლოდ ლიტურგიაზე იმოსება. სავარაუდოდ, ამ შეუსაბამოდ და კანონდარღვევით გამოყენებული შესამოსლით რამინ თარაშვილი ცდილობდა, სიტყვით გამოსვლისას ფსიქოლოგიური გავლენა გაემძაფრებინა და გარეგნული ეფექტი მოეხდინა საზოგადოებაზე.

აღარაფერს ვამბობთ მის კიდევ ერთ საქციელზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სასულიერო პირისთვის. მიმდინარე წლის 26 ივლისს რამინ თარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მთავარ სურათად დააყენა წელს ზემოთ შიშველი ფოტო, რაც სასულიერო პირისათვის უპირობოდ შეუსაბამოა.

თავის გამოსვლასა და ინტერვიუში რამინ თარაშვილი საჯაროდ ამცირებს უმაღლეს იერარქს, ცილს სწამებს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ მღვდელმთავარს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ამგვარი საქციელი მკაცრად ისჯება. ამას გარდა, იგი თავს „წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებულ“ ადამიანად მოიხსენიებს, რაც სასულიერო პირისათვის ასევე შეუფერებელი საქციელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რამინ თარაშვილის ნებისმიერი საღვთისმსახურო ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი", - აღნიშნულია განცხადებაში.