საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ქედმაღლურად აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, დაარღვიოს პრინციპი, რომ ალიანსის კარი ღიაა პოტენციური ასპირანტებისთვის.
„ნატო-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, მე ვიტყოდი, ქედმაღლურად აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, დაარღვიოს ვაშინგტონის შეთანხმების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი პოტენციური ასპირანტისთვის. ჩვენ არ ვართ ამ სტრუქტურის ნაწილი, არ ვართ ამ შეთანხმების ხელმომწერი, თუმცა ვართ უფრო ფართო, ზოგადრეგიონული, ევროატლანტიკური დოკუმენტის ხელმომწერი, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების განუყოფელობის პრინციპს. ბატონი სტოლტენბერგი თუ მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრებს უფლება აქვთ, მიაფურთხონ ამ პრინციპს, რომელიც ჩადებულია უმაღლეს დონეზე მიღებულ დოკუმენტებში, მაშინ ნამდვილად დროა, ის წავიდეს სხვა სამსახურში, რადგან საკუთარ მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა მედიასთან საუბრისას.
ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ რეაქცია ამერიკული კოლეგების მხრიდან საქმიანია.
„რაც შეეხება, რეალურ და არა რიტორიკულ რეაქციას, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ამერიკული კოლეგების მხრიდან ის საქმიანია“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსეთისა დ აშშ-ის პრეზიდენტების თანაშემწეებს შორის შედგა მოლაპარაკებათა სერია, რის შედეგადაც შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისშივე გაიმართება რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. ამის შემდეგ, ასევე იანვარში რუსეთს სურს, აამოქმედოს მოლაპარაკებების პლატფორმა რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმების პროექტის განსახილველად. ამას გარდა, რუსეთი გეგმავს, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ეუთო-ს ფარგლებშიც განიხილოს.
„ამერიკელებმა თქვეს, რომ მზად არიან, განიხილონ ჩვენს დოკუმენტებში არსებული შეშფოთებები, ასევე აღნიშნეს, რომ მათ აქვთ საკუთარი შეშფოთებები. ჩვენ მზად ვართ, ისინი განვიხილოთ, თუმცა ჩვენთვის ჯერ არ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა ეს სამუშაო უსასრულო ვერ იქნება.
„ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს უკვე უახლოვდება. რეგულარულად გვატყუებდნენ, დაწყებული ზეპირი დაპირებებით და დასრულებული პოლიტიკური ვალდებულებებითაც კი, რომლებიც გაწერილია რუსეთი-ნატო-ს ძირითად აქტში. ამიტომაც, ამჯერად დაჟინებით ვითხოვთ მხოლოდ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს იმის გაცნობიერებით, რომ თუ დასავლეთი მოისურვებს, შეუძლია იურიდიული გარანტიების ელემენტარულად დარღვევაც, გავიდეს ამ შეთანხმებებიდან, როგორც ეს მოხდა ანტისარაკეტო თავდაცვის, შორი და საშუალო მანძილის რაკეტების, ღია ცის შეთანხმების შემთხვევებში. თუმცა, ამის მიუხედავად, იურიდიულ გარანტიებზე უარის თქმა მაინც შედარებით რთულია, ვიდრე ზეპირი ან პოლიტიკურად დაფიქსირებული ვალდებულებების. ასე რომ, ჩვენ ღია ვართ ამ სამუშაოებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გაიგონ“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთი სიტუაციის ესკალაციას და შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობას და რა იქნება რეაგირება, ლავროვი პასუხობს: „ჩვენი ფილოსოფია დიდი ხანია, კარგად ცნობილია. ჩვენ არ გვსურს ომი. პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჩვენ კონფლიქტები არ გვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ სხვებისთვისაც კონფლიქტები არ წარმოადგენს მოქმედებების სასურველ სახეს. მკაცრად უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას იმ საშუალებებით, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლით. ვაფრთხილებთ ცხელ თავებს, ხოლო ასეთები არიან უკრაინაშიც, ასეთი ბევრია დასავლეთშიც, ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწეებიც, რომლებიც ცდილობენ, აგრესიული განწყობები გააღვივონ უკრაინაში.
გათვლა მარტივია, რაც მეტი გამაღიზიანებელი იქნება ჩვენს საზღვრებზე, მით უფრო დიდია მათი იმედი, რუსეთი წონასწორობიდან გამოიყვანონ, რომ რუსეთმა ხელი არ შეუშალოს მათ შესაბამისი გეოპოლიტიკური ტერიტორიების ათვისებაში. გუშინ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ძალიან მკაფიოდ თქვა, ჩვენ გაქვს ყველა აუცილებელი შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყოთ სათანადო, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური პასუხი ნებისმიერ პროვოკაციაზე, რომლებიც შესაძლოა, ჩვენს გარშემო განვითარდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ჩვენ სულაც არ გვინდა კონფრონტაციის ასეთი გზის არჩევა, მაგრამ არჩევანი ჩვენს პარტნიორებზეა. ის ფაქტი, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობამ საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა მომდევნო სამუშაოს საორგანიზაციო ჩარჩოს ჩვენთან შეთანხმება, ამას განვიხილავ ახალი წლის წინ პოზიტიურ ნაბიჯად“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.