საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დაარწმუნა რუსეთი, რომ „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საკუთრების დასაბრუნებლად.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენს აფხაზ კოლეგებს ესმით რამდენად აუცილებელია თავისი ქმედებების გააქტიურება: ეს ეხება როგორც კრიმინალურ გამოვლინებებს ჩვენი ტურისტებისადმი, ასევე ეხება საკუთრებას. საკუთრებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანია შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც მორიგი სხდომა გამართა რამდენიმე კვირის წინ და პოზიტიური გადაწყვეტილებები მიიღო მთელი რიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის საკუთრების დაბრუნების თაობაზე. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის საკითხის დასასრული. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, სოხუმი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ყველა საკითხი დაიხუროს“, - განაცხადა ლავროვმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აფხაზეთში ხდება შემთხვევები, როდესაც ტურისტები და მეწარმეები რუსეთიდან ეჩეხებოდნენ უსიამოვნო სიტუაციებს, ასევე გარკვეული პრობლემები ჩნდებოდა რუსების კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით.
ლავროვმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს 2016 წლიდან დროში გაწელილი საკითხი, რაც ეხება რუს მეწარმეს, რომლის ბიზნესიც „ხელში ჩაიგდეს“.
„ჩვენმა მრავალგზის მიმართვამ აფხაზეთის შესაბამისი სტრუქტურებისადმი შედეგი გამოიღო: ამ დღეებში სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელმაც პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო კომპენსაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ, ეს პროცესი როდის იქნება ბოლომდე მიყვანილი“, - აღნიშნა ლავროვმა.