პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – მეოთხე დღე, პირდაპირი რეპორტაჟი №1, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, 2011 წლის 24 მაისი, თბილისი

akcia_24maisi15:00. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ჯერჯერობით აქციის ლიდერები სცენაზე არ გამოჩენილან. პროტესტის ადგილზე შეკრებილთ გია კობახიძე მიმართავს, რომელიც „ქართული პარტიის“ ბოლო გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ხელისუფლების განცხადებებზე შეფასებებს აკეთებს.

მაუწყებლის წინ ხალხის რაოდენობამ იმატა, თუმცა მათი რიცხვი რამდენიმე ასეულს არ აღემატება.

აქციის პარალელურად, ოქრუაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა განცხადება კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „სახალხო კრების“ პროტესტს უკვე ხუმრობის ტონით ეხმაურებიან. „დარწმუნებული ვარ, ის იტალიური სიმღერა, რომელიც აქციებზე ისმის  – „ბელა, ჩაო!“ – მცირედით ტრანსფორმირდება და გადაიქცევა „ნინო, ჩაოდ!“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

სამაგიეროდ, საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ოქრუაშვილის უკანდახევის პოლიტიკა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძისთვის, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილს „მხდალსა და სუსტს უწოდებს“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე კი მიიჩნევს, რომ „ამით „ქართულმა პარტიამ“ საკუთარ თავს პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“.