საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. როგორც თემურ ალასანიამ სასამართლოში შესვლამდე საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, არც ერთი ჩანაწერი ავთენტური არ არის.
„ჯერ არ ვიცი, რა შეკითხვები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე, მოვიდე ამ დაკითხვაზე. პირველი – უნდა გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. მეორე – ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე პოლიტიკურ მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ. არც ერთი ჩანაწერი ავთენტური არ არის. ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე არ ჩავატარებ ექსპერტიზას, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ, ამერიკის მოქალაქე ვარ. არანაირი მოთხოვნა გამოძიებაზე არ შემიტანია. ჩემი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, თუ საჭიროდ ჩავთვლი, უნდა მოვითხოვო დაცვა, მოვითხოვო იქ, სადაც ვცხოვრობ. ეს არის პოლიტიკური იარაღი, უხეში მცდელობა, რომ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით, ყურადღება გადაიტანონ ამაზე“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.
მან ჟურნალისტებთან საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზეც ისაუბრა.
„21 დეკემბერს არის ჩემი დისშვილის დაბადების დღე. დედაჩემის სასაფლაოზე არასდროს ვყოფილვარ, ახლა ახალი წელია და ჩამოვედი, რათა ჩემს დას გავუწიო დახმარება, გვერდით დავუდგე მორალურად, აღვნიშნოთ ოჯახში მიშას დაბადების დღე. მე აქცია, არ მაინტერესებს, ეს არის თქვენი პრობლემა. თქვენ ცხოვრობთ ამ პრობლემებით, მსოფლიო ცხოვრობს სხვა პრობლემებით, არა აქციებით, არა პოლიტიკური პრობლემებით“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.