საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, 2011 წლის 23 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართულ მხარეს კონსულტაციებზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ისრაელის მხარეს – ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე პინხას ავივი. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის თემატიკა, აგრეთვე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე პინხას ავივიმ მოაწერეს ხელი „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვის შესახებ“.