საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრი მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მისი ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს.
აღნიშნულით მარინა კურატაშვილმა უპასუხა კითხვას: „თქვენი კოლეგები ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად საუბრობენ ფარმაკოლოგიურ წამებაზე. საუბრობენ, რომ იმდენად დიდი იყო წამლის დოზის რაოდენობა, რომ ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. თქვენ ბოლოს ნახეთ პირველად სააკაშვილი, რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? ადასტურებთ ფარმაკოლოგიურ წამებას?”.
როგორც ფსიქიატრი ამბობს, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია.
„არა, არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
ამასთან, მარინა კურატაშვილმა ღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს.
„პოსტრავმულ სტრესულ აშლილობაზე როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, სჯობს, არ ჰქონდეს სტრესული გარემო. რამდენად სტრესულია მისთვის რუსთავის საპყრობილე, უნდა ვთქვათ, რომ რუსთავის საპყრობილეს მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს. ამის თქმა შემიძლია ერთჯერადი ინტერვიუთი“, – დასძინა მარინა კურატაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.