საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 13-14 დეკემბერს ვენეციაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის იტალიის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ იუსტიციის მინისტრთა კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში რატი ბრეგაძე იტალიელ, უნგრელ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა.
კონფერენციაზე განიხილება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში. რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის მონაწილეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ და აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი გააცნო.
14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, ფიქრათ მამადოვს შეხვდა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს, აგრეთვე, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას.
სომეხ კოლეგასთან, კარენ ანდრესიანთან შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე მობილური იუსტიციის სახლების პროექტზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს და 2022 წლის თებერვალში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის გამართვაზე შეთანხმდნენ.
13 დეკემბერს იტალიელ კოლეგასთან, მარტა კარტაბიასთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
რატი ბრეგაძემ და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა ჯუდიტ ვარგამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც „დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორი ქვეყნის თანამშრომლობისათვის იუსტიციის სფეროში“.
შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უნგრეთის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს დაეხმარება.