პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსება რომ ჰქონდეს, პოლიტიკიდან გავიდოდა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. დამნაშავე საუბრობს ე.წ. შერიგებაზე და თან რევოლუციით იმუქრება, დამნაშავე იჯდება ციხეში და თავის სასჯელის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობს“ ამ ქვეყანაში რევოლუციისა და არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ უკან ხალხი არ დგას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი შერიგებასთან დაკავშირებით ჩემეულ ფორმულას, ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც მათი ჩადენილი იყო, წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცებისა და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ და ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს რა თქმა უნდა, საუბარი შერიგებაზე. ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალოს თავის რიტორიკა, დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა შერიგებასთნ დაკავშირებით წარმატებულია. არ მგონია, ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტსაც გაუჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობას“ თუ ელემენტარული ღირსება აქვს, მაშინ უნდა აღიაროს ყველა მძიმე დანაშაული, რომელიც ჩადენილი აქვს.

ღირსება რომ არ აქვთ, ზუსტად მაგიტომ ჩაიდინეს დანაშაული. ღირსება რომ ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან გავიდოდნენ, მაგრამ ღირსება არ აქვთ. ღირსება რომ არ აქვთ, ზუსტად ამიტომ აწამებდნენ, იტაცებდნენ ტელევიზიებს, აყაჩაღებდნენ და ზუსტად ამიტომ ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის განხორციელება როგორ წარმოუდგენია, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ძალიან რთულად.

კარგად ვიცნობ ამ ადამიანების ბუნებას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რთულად წარმომიდგენია, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება, სცადოს მაქსიმუმი, რათა გააუმჯობესოს პოლიტიკური მოცემულობა საქართველოში. რაც შეეხება პერსპექტივას, პერსპექტივასთნ დაკავშირებით მაქვს საკმაოდ მძიმე წარმოდგენა სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანების ბუნებას ვიცნობ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება, სცადოს მაქსიმუმი, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია, თუმცა რესურსები არის ამოწურვადი და ამ ყველაფრის რესურსი არც ერთ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტსაც არ აქვს.

მზად ვართ, პრეზიდენტს გავყვეთ ყველა მცდელობაში, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებასთან. უნდა ვნახოთ, რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ეს მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.