აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი აქვს არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ქართველ ხალხთან

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. შერიგებასა და დიალოგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი ფარისევლობა რომ იყო, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებითაც დადასტურდა. ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი „ქართულ ოცნებას“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივაზე სააკაშვილის გუშინდელი განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია, ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა „ინკლუზიურ პროცესებზე“, ეს პრაქტიკულად განხორციელდება. ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისა და ყველას დაფიქრებისთვის“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად სააკაშვილი ეძებენ გზას, რომ სააკაშვილი როგორმე გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდეს. ასე რომ, შერიგებაზე საუბარი არის ფარისევლობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“, მათ კონფლიქტი აქვთ ქართველ ხალხთან. ეს წერილი აჩვენებს ოპოზიციის და სააკაშვილის დესტრუქციულობას. დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიაროს ხალხის ნება, ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზეც და აღნიშნა, რომ ეს დესტრუქციული დღის წესრიგის ნაწილია.

რაც შეეხება აქციებს, ეს არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ მისდევს. იმედია, საახალწლოდ მაინც საზოგადოებას აცდიან, რომ ეს დღეები ადამიანმა საკუთარ ოჯახში და სხვა განწყობაზე გაატაროს, ვიდრე ფიქრში, როგორი დღის წესრიგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს როგორ არ უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.