სამართალი
ბაქრაძე საპროტესტო აქციებისა და აღლუმის შესახებ

bakradzპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე მიულოცავს.

„ორ დღეში ძალიან ბევრი თქვენგანისთვის მექნება საშუალება პირადად მილოცვის, ვინაიდან, ალბათ, შევხვდებით ერთმანეთს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებზე, მათ შორის, აღლუმზე“, – განუცხადა მან ბიუროს წევრებს მას შემდეგ, რაც მათ დამოუკიდებლობის დღე „წინსწრებით“ მიულოცა.

ეს განცხადება ბაქრაძემ გააკეთა „სახალხო კრების“ მიერ გეგმის გამოცხადებამდე, რომელიც 25 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის თავისუფლების მოედანზე გადატანას და ხელისუფლებისთვის სამხედრო აღლუმის ჩატარების ხელის შეშლას მოიცავს ქართულ პარტიასთან „კოორდინაციით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომ ვინმემ შეძლოს პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებიდან გაყვანა“.

„ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით ამ აზრს, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში და ამიტომ ყველას აქვს და ექნება აზრის გამოხატვის საშუალება. ამიტომ საქართველოში აქციები იყო, არის და მომავალშიც იქნება, ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი“, – თქვა მან.

„მაგრამ დემოკრატიას აქვს მეორე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – ეს არის კანონი, ეს არის წესრიგი, რასაც, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს ისე, როგორც ნებისმიერი სხვა დემოკრატია, – აღნიშნა მან და განაგრძო, – არსებობს მესამე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – სხვისი აზრის პატივისცემა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ როგორც მაქსიმალურად კანონის ფარგლებში ყველაფრის ჩატარებას... ასევე, სხვისი აზრის პატივისცემასა და მოთმენას მაშინაც კი, როდესაც ეს აზრი ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს. ეს თანაბრად ეხება ყველა მხარეს“.

ეს განცხადება ბაქრაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-სპიკერმა და ლიდერმა პარტიისა „ჩვენ თვითონ“ პაატა დავითაიამ მოითხოვა იმ ზეწოლის ფაქტების გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე მიტინგებზე როგორც აქციის აქტივისტების, ისე ცალკეული ჟურნალისტის მიმართ. მისი თქმით, სამართლებრივ-კონსტიტუციური ჩარჩოების დარღვევა არ უნდა მოხდეს, რადგან „ქვეყანა აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ“.

იმავე დროს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ დაგმო ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით აქციებზე გამოკვეთილი „ძალიან საშიში ტენდენცია“.

„ერთი მხრივ, მანიფესტაციაში მონაწილეები და მათი ორგანიზატორები ითხოვენ აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობას, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც მორალურ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს“, – განაცხადა მან და ამგვარი ფაქტების „მკვეთრი შეფასებებისკენ“ მოუწოდა.

რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციაზე მყოფი ზოგიერთი აქტივისტი ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.