საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ინტერესის გათვალისწინებით გავბედე და ვკითხე, უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, მითხრა, შენ მე ვინ გგონივარ, აქ, ჩემს ქვეყანაში რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ სადღაც წავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც შვილი მოინახულა.
როგორც გიული ალსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე პრეზიდენტს ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, აქვს უძილობა და „კუნთების საშინელი ტკივილი“.
„ეს სიმპტომები არის ნევროლოგიური სიმპტომები. ეს ყველაფერი აქვს. ასევე, მე რაც დავინახე არის ის, რომ მაინც ურჩევნია იწვეს. დაჯდება სკამზე და ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიდის“, -განაცხადა გიული ალასანიამ.
მისი თქმით, რეაბილიტაციის მიზნით სადმე წასვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრია. „რეაბილიტაცია ჩემი აზრია, ჩემი სურვილია“, - აღნიშნა ალასანიამ.
კითხვაზე, შვილისგან „რისხვა“ იმის გამო მიიღო, რომ საქართველოდან სხვა ქვეყანაში, მაგალითად, უკრაინაში არ სურს დაბრუნება, ალასანია ასე პასუხობს: „მე ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო და დამიბრიალა თვალები“.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის არსებული ფსიქოემოციური მდგომარეობა შესაძლოა თუ არა უკავშირდებოდეს „ფარმაკოლოგიურ წამებას, რაზეც ექსპერტები საუბრობენ“, ალასანია პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, კიდევ იღებს თუ არა ამ ტიპის მედიკამენტს მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, გიული ალასანია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კომისიის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ „რაღაც გაუმჯობესდება“.
„არსებობს კომისია,რომელიც სახალხო დამცველის შექმნილია, ალბათ, ისინი გაგვაცნობენ თავიანთ დასკვნას და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ რაღაც გაუმჯობესდება“, - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილს მისთვის არაფერი დაუბარებია.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან ძნელია გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა.
„ალბათ, მისთვის ძალიან ძნელია ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა, იმიტომ რომ, რაც მახსოვს, ადამიანი სულ მოძრაობაში იყო. საქართველოში ყოფნისას, გავიგებდი, რომ ხან სვანეთში იყო, მეორე წუთში ვიგებდი, რომ სადღაც შორს იყო. მაშინ ვკითხე, არ იღლები-მეთქი და ამაზე მაშინაც მივიღე რისხვა. რას ნიშნავს ვიღლები? მე ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოში სიარული და ყველაფრის თვალიერებაო. ასეთი დინამიური ცხოვრების შემდეგ ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაშია. ყევლაფერს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურად ალბათ, ძალიან ძნელია“, - განაცხადა ალასანიამ.
დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი ჩანიშნულ სასამართლო სხდომებს, როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამ საკითხზე საერთოდ არ უსაუბრიათ.
ამასთან, ალასანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისადმი მისი მიმართვა იქნებოდა ის, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
„მივმართავდი, რომ გაუშვან. ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის? არცერთი დანაშაული არ არის დანაშაული, გამოგონილია ეს ყველაფერი. ჩემზე კარგად მათ იციან. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? მე რომ მკითხოთ, ეს ადამიანი საერთოდ თავისუფალი უნდა იყოს“, - განაცხადა გიული ალსანიამ.