სამართალი
ანდრეი რუდენკო: ნატო-ს საქმიანობა ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მხარე დაინტერესებულია სამუშაოს გაგრძელებით.

მისივე თქმით, რუსული მხარე ამ პროცესში ყოველთვის კონსტრუქციულია.

ამასთან, რუდენკო ამბობს, რომ ნატო-ს საქმიანობა ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში და არ მოაქვს ის ნდობა, რომელიც ახლა საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში ვითარების დასტაბილურებისთვის.

„ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის მოლაპარაკების სივრცე, რომელსაც აქვს სტაბილური ხასიათი. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელზეც უნდა გვემსჯელა. ყველა მხარე დაინტერესებულია ამ სამუშაოს გაგრძელებით, დაველოდოთ ახალ წინადადებებს, თუ ასეთები იქნება და კონსტრუქციულობას. ჩვენ თავად ყოველთვის კონსტრუქციულები ვართ. თქვენი პოზიცია ნატო-ს საქმიანობის შესახებ გასაგებია, ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში და არ მოაქვს ის ნდობა, რომელიც ახლა საჭიროა ამ ძალიან მნიშნელოვანი ურთიერთობების ნორმალიზებისა და ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებისთვის“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადება, რომ ნატო-ს საქმიანობა ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში, არის ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის არარელევანტურ საკითხებზე გადამისამართების ცალსახა მცდელობა.

როგორც დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო აღნიშნულს აღიქვამს, როგორც მუქარას.

„შეიძლება, ითქვას, რომ ეს არის ცალსახა მცდელობა მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგის ხელოვნურად გადამისამართებისა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესისთვის რელევანტური. ამას საქართველოს დელეგაცია აღიქვამს მხოლოდ როგორც მუქარას, როდესაც საუბარია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს საქართელოსთვის არის ის საკითხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ განხილვას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.