საზოგადოება
ნიკოლოზ სამხარაძე: სენატსა და კონგრესში შეხვედრებზე მთავარი თემა ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარება იყო

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია მეტი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება, რათა საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. მისივე თქმით, ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა თავიანთი პოზიცია ღიად დააფიქსირეს.

როგორც სამხარაძე ამბობს, შეხვედრებისას მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარება იყო.

„დღეს ჩვენი შეხვედრები გაიმართა სენატში, კონგრესში, ასევე ჩვენ შევხვდით NDI-ის და IRI-ის ხელმძღვანელობას. სენატში შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ისევე როგორც კონგრესში, ძირითადი თემა იყო ისევ და ისევ საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, მათ შორის ის ვითარება, რომელიც უკრაინის ირგვლივ ახლა ვლინდება. ჩვენთვის მთავარი სასაუბრო თემა იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარება. ჩვენ ძალიან ღიად დავაფიქსირეთ, რომ ძირითადი მიზანი, რის გამოც ჩვენ ვიმყოფებით ვაშინგტონში არის სწორედ ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება, რათა საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური მხარდაჭერა ამ კუთხით ჩვენ გვაქვს, მაგრამ მათ ვთხოვთ, ნატო-ს სხვა მოკავშირე ქვეყნებსაც ესაუბრონ ამაზე, რომ მათი მხრიდან არ შეიქმნას შეფერხებები ნატო-ში ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ასევე დაასახელა სხვა საკითხებიც, რაზეც შეხვედრებზე ისაუბრეს, მათ შორის არის პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

„ასევე ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ვისაუბრეთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგზე, თუ რას აპირებს საქართველო მომავალი სამი წლის განმავლობაში, რომ მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და რა ვალდებულებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით აღებული. ვისაუბრეთ ასევე პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე და აქ აღინიშნა, რომ პოლარიზაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტია მოინდომებს პოლარიზაციის დასრულებას, რადგან თუნდაც ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის სურვილი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს. ჩვენ კარგად ავუხსენით, რომ პოლარიზაცია პირველ რიგში, რუსეთს აწყობს და რუსეთს აძლევს ხელს, რადგან ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა ხდება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე და ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას ეხება, რჩება განზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძემ კონგრესში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო.

„ამიტომ მე შემიძლია შევაფასო, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ამ მიმართულებით. საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მძლავრი, ორპარტიული მხარდაჭერა. იმედია, მომავალში ეს ნაბიჯები ქმედით დახმარებად გადაიქცევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. მგონია, რომ ეს კრიზისული მომენტი და კრიზისული ვითარება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში და შავი ზღვის რეგიონში არის, ნატო-მ პირიქით, უნდა გარდაქმნას შესაძლებლობად და ამ დისკუსიებში როდესაც შევდივართ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, ისინი ამაში გვეთანხმებიან. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ გერმანიის ან საფრანგეთის, არამედ ზოგადად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც ძალიან სერიოზულად მიუდგებიან ამ კრიზისს და მუქარას, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ამის შესაჩერებლად ერთადერთი ადეკვატური პასუხი, რაც შეიძლება იყოს, არის სწორედ ნატო-ს გაძლიერება, რადგან რუსეთის ეს დამშვიდების და დაწყნარების პოლიტიკას, როგორც ხედავთ, შედეგი არ მოაქვს. ამიტომ ვფიქრობ, ეს საუბარი დროულია, წინასწარ პროგნოზირება რთულია, მაგრამ ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნების მთავრობები გაიზიარებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება პირიქით, მეტი დადებითის მომტანი იქნება და კრიზისს უფრო დააცხრობს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.