აქტუალური
შემოსავლების სამსახური კერძო საგადასახადო ინსპექტორის – „საიდუმლო აგენტების“ – ინსტიტუტის ამოქმედებას გეგმავს. საგადასახადო ინსპექტორის საპილოტე პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
კერძო საგადასახადო ინსპექტორებს მეწარმის შემოწმება და ისეთი დარღვევების გამოვლენა დაევალებათ, როგორიცაა: სალაროაპარატის გამოუყენებლობა, სალარო ჩეკის გაუფორმებლობა ან აპარატის გამოყენების დროს განგებ მცირე რაოდენობის თანხის მითითება.
კერძო საგადასახადო ინსპექტორები კონკურსის წესით შეირჩევიან. ისინი შემოსავლების სამსახურისგან დამოუკიდებლად იმოქმედებენ და თვითდაფინანსებით იმუშავებენ.ამის გამო მეწარმეები პროგრამის ამოქმედებისას გარკვეულ საფრთხეებზეც მიუთითებენ. როდესაც ადამიანის შემოსავალი მის მიერ აღმოჩენილ დარღვევაზეა დამოკიდებული, ცხადია, ის დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი ასეთი ფაქტი ამხილოს და არასამართლიანი ქმედებებისკენაც კი უბიძგოს.
აქამდე მეწარმის შემოწმების უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტს ჰქონდა. საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ამ ფუნქციას კერძო საგადასახადო ინსპექტორები შეასრულებენ.