სამართალი
გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიის პროკურატურამ 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვა. ინფორმაცია გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო Tagesschau-მა 7 დეკემბერს გაავრცელა.

გერმანელმა პროკურორებმა – ნიკოლაუს ფორშნერმა და ლარს მალსკისმა მოსამართლეებს უთხრეს, რომ მათი შუამდგომლობა გერმანიის კანონმდებლობით უმკაცრესი სასჯელის თაობაზე გამართლებულია, ვინაიდან ეჭვმიტანილმა პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა ჩაიდინა, რაც რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურების სახელით მკვლელობის ტოლფასი იყო.

ბრალდების მხარის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობა, რომელსაც რუსეთი ტერორისტად მიიჩნევდა, შურისძიება იყო და არა „პრევენციული მკვლელობა“, ვინაიდან 2016 წელს გერმანიაში გადმოსახლების შემდეგ, მას ქვეყნისთვის საფრთხე არ შეუქმნია. პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ მოუთხოვია ხანგოშვილის ექსტრადიცია, რათა შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ის პასუხისგებაში მიეცა.

Tagesschau პროკურორ ფორშნერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ამგვარი ქმედების გერმანულ მიწაზე ჩადენით კანონის უზენაესობა უგულებელყო. პროკურატურის თქმით, მკვლელობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გერმანიის სუვერენიტეტსა და მონოპოლიას ძალადობაზე მის საზღვრებში.

ბრალდების მხარე ხაზს უსვამს, რომ გარდა იმისა, რომ მკვლელობამ ხალხს გერმანიაში უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების შეგრძნება შეურყია, დანაშაული იმასაც ისახავდა მიზნად, რომ გერმანიაში მცხოვრები ჩეჩნებისა და რუსეთის სხვა მოქალაქეებისთვის ქვეყანაში კრემლისგან უსაფრთხოების განცდა წაერთმია.

პროკურატურამ იმის აღიარებაც მოითხოვა, რომ ეჭვმიტანილის ბრალეულობა განსაკუთრებით სერიოზული იყო, რაც მომავალში ბრალდებულის პატიმრობის პრობაციით შეცვლას აღკვეთდა. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი ზოგ შემთხვევაში უფლებას აძლევს სასამართლოს, რომ უვადო პატიმრობა პრობაციით შეცვალოს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული 15 წელს მოიხდის საპატიმროში.

Tagesschau-ს ინფორმაციით, მოსამართლეები საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მიიღებენ.

ეჭვმიტანილი, რომელიც მოწმის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც ვადიმ კრასიკოვი, გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელით ჩავიდა. გერმანიის მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წარუდგინა. იგი უარყოფდა, რომ კრასიკოვია და აცხადებდა, რომ მისი ნამდვილი გვარი სოკოლოვია.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეა პანკისის ხეობიდან, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა რუსული ძალების წინააღმდეგ. იგი გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა.

ხანგოშვილის მკვლელობამ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დაძაბა. 2019 წლის დეკემბერში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა და მოტივად, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მათი უარი დაასახელა.