საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების – ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, სადაც ისინი ტელეკომპანიის 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვდნენ და „რუსთავი 2“ კვლავ სრულად ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.
„რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოს 2019 წლის ოქტომბერში მას შემდეგ მიმართეს, რაც უარი თქვეს ტელეკომპანიის 40%-იან წილზე, რომელსაც მათ არხის ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა. მაშინ დვალი და აქიმიძე აცხადებდნენ, რომ „რუსთავი 2-ის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“.
სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა და თქვეს, რომ ისინი ტელევიზიის დაბრუნებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
„შოკში ვარ. თურმე, ჩვენ სიხარულით ჩავაბარეთ ჩვენ მიერ ნაშრომი ტელევიზიის 60% ვიღაც გაურკვეველ ადამიანს [ქიბარ ხალვაშს], რომელიც თვითონ წლების განმავლობაში იძახის, რომ ჩვენ მიმართ პასუხისმგებელია, იმიტომ, რომ ჩვენ დაჩაგრულები ვართ“, – უთხრა ჟურნალისტებს „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით „გაოგნებული“ დარჩა დავით დვალიც. მისი თქმით, დამფუძნებლების „ყველაზე ძლიერი არგუმენტაცია“ სწორედ ის იყო, რომ „ქიბარ ხალვაში არის არაკეთილსინდისიერი შემძენი“. „სასამართლომ და დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩვენ გვითხრა, რომ არ მაინტერესებს თქვენი არგუმენტები“, – დასძინა მანვე.
„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ თქვა, რომ მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებს. „თუ ჩვენი გამარჯვებით არ[ც იქ] დასრულდა, ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში.
საქალაქო სასამართლოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელ მმართველებს. არხის გენერლურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ დამფუძნებლების სარჩელი იყო ხანდაზმული, ამასთან „არ დასტურდებოდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები“. „თუ ვინმესგან იძულებას ჰქონდა ადგილი, ეს ნამდვილად არ იყო ქიბარ ხალვაში“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
საჯარო რეესტრის ბოლო, მარტის ამონაწერის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ 60%-იან წილს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფლობს, 40% კი – შპს „პანორამას“ საკუთრებაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ქიბარ ხალვაშია.
ქიბარ ხალვაში 2015 წელს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაწყებული სასამართლო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ტელეკომპანიის დამფუძნებლებს წილის 50%-ის გადაცემას, დავით დვალს კი – გენერალურ დირექტორად დანიშვნას დაჰპირდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში ძმებ ყარამანიშვილებთან სასამართლო დავა საბოლოოდ მოიგო და „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გაიფორმა, პირობა აღარ შეასრულა.