საზოგადოება
„ქართული პარტია“ ასპარეზს მთლიანად „სახალხო კრებას“ უთმობს – ოქრუაშვილი აღარ ჩამოდის

oqruashvili-parizshiროგორც „ქართული პარტიის“ ლიდერებმა დღევანდელ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, „ქართული პარტია“ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე აქციას აღარ გამართავს და თბილისში არც თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სუბარმა ის გარემოება დაასახელა, რომ „კრების“ წარმომადგენლებსა და მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.

„განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში ჩამოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას. 22 მაისს ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას – თავისუფლების მოედანზე გამართავდა აქციას. ამასთან. როგორც ქალბატონმა ბურჯანაძემ, ისე „სახალხო კრების“ წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ გარკვეული ეჭვი აქვთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება – ჩვენ გავაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და, შესაბამისად, „სახალხო კრებასა“ და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, ლიდერების განცხადებით, მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, პარტიის ნებისმიერ წევრს „სახალხო კრების“ აქციაზე დასწრებასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება აქვს.