საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში უთანხმოების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც „პროკურატურამ“ დაადგინა, რომ ამჟამად ოპოზიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული ისტორიული ბესლეთის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია უკანონოა.
„პროკურატურამ“ 1 დეკემბერს განაცხადა, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ 2020 წლის მარტსა და აპრილში მიღებული ნორმატიული აქტები, რომლებითაც 1908 წელს აშენებული პირველი ჰესის პრივატიზაცია გახდა შესაძლებელი, ეწინააღმდეგება აფხაზეთის „კანონებს“ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ელექტროენერგიის შესახებ.
„პროკურატურამ“ ასევე აღნიშნა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტი“, რომელიც ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოს“ თანხმობის გარეშე, სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევით გაიყიდა.
საკითხი ახლა ოკუპირებული რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ უნდა განიხილოს, რომელსაც „პროკურატურის“ საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად 2 თვე აქვს.
ოპოზიციური ჯგუფის „აიდგილარას“ თავმჯდომარემ, კან კვარჩიამ, რომელმაც ჰესი 2020 წელს შეისყიდა, „პროკურატურა“ „პოლიტიკური დაკვეთების განხორციელებაში“ დაადანაშაულა.
„მათ უნდათ, რომ სასამართლო დავაში ჩამითრიონ და აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას ჩამომაშორონ“, – განაცხადა კვარჩიამ და დასძინა, რომ მისი გაჩუმება შეუძლებელია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაცულია და რომ „პროკურატურის“ ბრალდების საწინააღმდეგოდ, „დეპუტატებმა“ 2020 წლის 19 ივნისს, ჰესის პრივატიზაციას მხარი დაუჭირეს. მისი თქმით, აუქციონის შესახებ განცხადება საჯარო იყო და ინფორმაცია მედიაშიც გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ის ნორმატიული აქტები, რომლებიც „პროკურატურამ“ უკანონოდ მიიჩნია, 2020 წლის აპრილის ბოლოს რეგიონის ამჟამინდელი ლიდერის, ასლან ბჟანიას ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღეს, ხოლო ჰესი 2020 წლის ზაფხულში, ბჟანიას პოსტზე ყოფნის დროს გაიყიდა.
აღნიშნა რა, რომ მან უმოქმედო ობიექტში 4 მილიონი რუბლი გადაიხადა, კვარჩიამ განაცხადა, რომ ჰესის ხელახლა ამუშავებას მილიონობით დოლარი დასჭირდება.
კვარჩიამ დასძინა, რომ მართალია, ის ობიექტის მფლობელობისთვის მიწისა და ქონების გადასახადებს იხდის, ის არ აპირებს მისი ისტორიულ იერსახის შეცვლას.
„ბატონ ბჟანიას სურს, რომ ყველაფერი წაგვართვას და უცხოელ ინვესტორს გადასცეს? … ხელისუფლებას ვურჩევ, რომ არ გახსნას „პანდორას ყუთი“, – გააფრთხილა მან ხელისუფლება.