საზოგადოება
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის მერიის შენობასთან ორშაბათს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მომიტინგეები აპროტესტებდნენ მერიისა და საკრებულოს მუშაობის დაწყებას. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმები მიითვისა და არჩევნებში უსამართლოდ გაიმარჯვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების დღიდან ოპოზიციის წარმომადგენლები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს და მოითხოვენ ახალ ადგილობრივ არჩევნებსა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ დიდი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვნებათაღელვამ იკლო, აქტივისტთა ჯგუფები კვლავ განაგრძობენ აქციების მოწყობას თბილისსა და სხვა ქალაქებში.