პოლიტიკა
საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩის შეცდომაზე მიუთითა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ერთმანეთს კვალიფიკაციისა და სამართლებრივი ცოდნის გამო დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ელჩმა მმართველი პარტია ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლო უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ცვლილებები საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე შემცირებას და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ზოგიერთებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ დემოკრატია შეხედულებების სიმრავლეს მოითხოვს და გააფრთხილა, რომ ერთპარტიული მმართველობა „უმრავლესობის მიერ ტირანიის“ საფრთხეს ქმნის.

ელჩის საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ 2%-იანი ბარიერი ან ნაკლები მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. მან იქვე დასძინა, რომ არცერთ ქვეყანაში [სადაც უფრო მაღალი ბარიერია] არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პირველად საქართველოში დანერგა ქართულმა ოცნებამ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან. 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ნებისმიერი მომდევნო არჩევნების, მათ შორის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. უბრალოდ ამას აქვს თავისი წინაპირობაყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში, – განაცხადა კობახიძემ, რომელსაც პლენარულ სხდომებზე დასწრებაზე ნაციონალური მოძრაობის უარი ჰქონდა მხედველობაში .

ირაკლი კობახიძის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა3 დეკემბერს განაცხადა – დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც სხვა კონსტიტუციონალისტებს, რომელთან შეხვედრის პატივიც აქ, საქართველოში მქონდა. ამ ქვეყანას მართლაც ბევრი კარგი განათლებისა და კარგად ინფორმირებული საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი ჰყავს.

თუმცა, ელჩმა აღნიშნა, რომ მასაც აქვს გამოცდილება საკონსტიტუციო სამართალში და ეხმარებოდა ერთ-ერთ ქვეყანას კონსტიტუციის წერაში, მათ შორის, სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზის გზით. შედარება, თუ რა მუშაობს კარგად ერთ სისტემაში ან მეორეში, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, მაგრამ საბოლოდ, ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელია საუკეთესო მისი სისტემისთვის, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 1%-იან ბარიერზე 2020 წლის 8 მარტის დოკუმენტით შეთანხმდნენ, ხოლო 2%-იან ბარიერზე – 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით.

ეს 2%-იანი ბარიერი ითვალისწინებს მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, რასაც შეუძლია შექმნას მრავალფეროვნება პარლამენტში, რათა მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა და ხედვა იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ეს იყო საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება, რაც საქართველოს ამჟამინდელ საუკეთესო ინტერესებში შედის.