საზოგადოება
თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან 53 სავარაუდოდ დაკარგულია

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, – ძირითადად, ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, – 53 სავარაუდოდ დაკარგულია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება იქნება დასაწყები.

ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, – ძირითადად, ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, – 53 სავარაუდოდ დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება.

მინდა ჩეხეთში ჩვენს საელჩოს და ჩემს პირველ მოადგილეს ვუთხრა მადლობა, ვინაიდან საელჩოებიდან გადარჩენილი ფერწერული ტილოების დაბრუნების პროცესი დაიწყო და ჩეხეთში ჩვენი საელჩო იყო ამ მხრივ პირველი მერცხალი. დანარჩენ საელჩოებთან, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი კოლეგაც – ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიმუშავებთ, რათა ეს ექსპონატები დაბრუნდეს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების მუზეუმში. იქნება სხვა დანაკლისებიც. ამის შესახებ ინფორმაცია არსებობს და ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება მომავალი წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.