სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს აკრიტიკებს

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნისთვის დაგეგმილი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროკურატურისგან დამოუკიდებლობას“.

ინსპექტორის სამსახურმა 1-ელ დეკემბერს განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სამსახურს არ ანიჭებს პროკურატურისგან დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ასევე ვერ პასუხობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიზანს და სრულად არ ეხმიანება ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ინსპექტორის სამსახურის თქმით, კანონპროექტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტში 24 ნოემბერს დარეგისტრირდა, სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების „დიდი ნაწილი“ ასახული არ არის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თქმით, ის კვლავ პროკურატურაზე დამოკიდებული რჩება. ამის ერთ-ერთ მაგალითად სამსახური ამბობს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის სასამართლოსადმი მიმართვის შუამდგომლობა კვლავ სრულად პროკურატურას რჩება და ამ მიმართულებით კონტროლს ის ინარჩუნებს.

ამასთან, პროკურატურას კვლავ რჩება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში სხვა საგამოძიებო უწყების გამომძიებლის ჩართვის, ასევე ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და გამოსაძიებლად სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის უფლება.

ინსპექტორის სამსახურისვე განმარტებით, პროკურატურას ასევე უნარჩუნდება გამოძიების შეწყვეტის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, საჩივრის საფუძველზე, საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის უფლება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე არ ეთანხმება ცვლილებების 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედების წინადადებას.

ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ ცვლილებათა ნაწილი 2024 წლიდან ამოქმედდება, რაც მას კიდევ ორი წლის განმავლობაში პროკურატურაზე სრულად დამოკიდებულს ტოვებს. მაგალითად, 2024 წლის პირველ იანვრამდე სამსახური ადამიანის უფლებათა შემზღუდავ საგამოძიებო მოქმედებებს პროკურორის ჩარევის გარეშე ვერ ჩაატარებს. ამასთან, სასამართლოსთვის შუამდგომლობის მიმართვის უფლება გამომძიებელს 2024 წლის 1-ელი იანვრიდანაც შეზღუდული ექნება.

ინსპექტორის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, ცხადია, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმა ყველა საგამოძიებო უწყებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ინიციატივა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი და ქმედითობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“.

ინსპექტორის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტი მხედველობაში მიიღებს სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებს და უწყების საგამოძიებო მანდატის თავისებურებებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშეა, 2019 წელს შეიქმნა და მისი საგამოძიებო მიმართულება იმავე წელს ამოქმედდა.