აქტუალური
ლიზა იასკო: სახიფათო ინფორმაციებია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წესის მიხედვით, თუ სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, სულ მცირე 100 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰოსპიტალში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალობას საჭიროებს.

ამასთანავე, რადას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა ახალი სიმპტომები და გაუგებარია, რატომ ამბობენ ექიმები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე დღე მქონდა შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემედარებინა და მასთან მესაუბრა. თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები, რომ ის უკეთესადაა, რადგან დღეს დავინახე, რომ სინამდვილეში, ის უარესადაა- აქვს დასიებული სახე, სხეული, აქვს გამონაყარი, რომელსაც აქვს ნევროლოგიური ხასიათი, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინი, თავს გრძნობს სუსტად და ვგრძნობ, რომ კომუნიკაციის რამდენიმე წუთის შემდეგ, მას უკვე უჭირს და ესაჭიროება დასვენება. რა თქმა უნდა, საწოლიდან დგება, თუმცა იქ ძალიან ცოტა ადგილია იმისთვის, რომ რაიმე გადაადგილებაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, სერიოზულად უნდა შევხედოთ სამედიცნო მაჩვენებლებს და მოვუსმინოთ ექიმების კონსილიუმს, მაგრამ მე არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ პროგრესი მიმდინარეობს, მე ამ დღეების განმავლობაში პროგრესი ვერ დავინახე. თუ გასულ კვირას შევადარებთ, კი - პროგრესი არის, მაგრამ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ახალი სიმპტომებიც ჩნდება, რაც მე ძალიან მაშფოთებს.

ძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მისი გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, რადგან ყველა წესის თანახმად, შიმშილობის შემდეგ, თუ შიმშილობა 50 დღეს გაგრძელდა, ეს უნდა გამრავლდეს მინიმუმ 2-ზე და ეს არის რეაბილიტაციის პერიოდი. ჩვენ შემთხვევაში გავიდა სულ რაღაც 2 კვირა და არავითარ შემთხვევაში მსგავსი საუბარიც კი არ უნდა იწყებოდეს, იმიტომ, რომ ადამიანი სუსტადაა, საჭიროებს ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს და მკურნალობას“,- განაცხადა ლიზა იასკომ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ გეგმებს, რადას დეპუტატის თქმით, ეს კვლავ არის საქართველოში ცვლილებებისთვის ბრძოლა.

მისი პოლიტიკური გეგმა კვლავ არის საქართველოში ცვლილებებისთვის ბრძოლა და რომ ეს ცვლილებები მალე მოხდება. თუმცა მისი სიტყვებია, რომ ხალხი უნდა იყოს აქტიური და არ უნდა დანებდეს. საახალწლო დღესასწაულები მოდის და გვესმის, რომ ადამიანები ამ დროს დუნდებიან, ასევე ბევრი პროტესტია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ და ეს საშიშია, მაგრამ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს სამართლიანობისთვის და ცვლილებებისთვის“,- განაცხადა ლიზა იასკომ.