აქტუალური
ეუთოში ზალკალიანმა თბილისისა და კიევის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკა

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. „რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სტრატეგიისა და მიდგომის ერთიანობა გადამწყვეტია“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტოკჰოლმში მიმდინარე ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მნიშვნელოვანია გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მიუღებელია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ „რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სხვა გზა არ არსებობს“.

დავით ზალკალიანი 2-3 დეკემბრის ეუთოს მინისტერიალის რიგით 28-ე შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით. მან შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, რიგი შეხვედრებიც გამართა.

ზალკალიანმა რვაწუთიანი სიტყვის დიდი ნაწილი საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის კრიტიკას დაუთმო. მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების თაობაზეც გამოხატა შეშფოთება.

ჩვენ ვგმობთ მზარდ მტრულ რიტორიკას და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ინტენსიურ სამხედრო ქმედებებს და მოვუწოდებთ რუსეთს, ეს დაუყონებლივ შეწყვიტოს“, – განაცხადა ზალკალიანმა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოსკოვის მიერ ევროპაში საზღვრების ძალადობრივად გადაწევის მცდელობები დაგმო.

აღნიშნა რა, რომ საქართველო არის რუსეთის „ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი“, ზალკალიანმა განაცხადა, რომ საკუთარი ქმედებებით „რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. მისივე თქმით, მოსკოვი აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების აღმართვას საოკუპაციო ხაზების გასწვრივ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დე ფაქტო ანექსიისკენ“ მიმართულ ნაბიჯებს.

ზალკალიანი აფხაზეთში გალელი ირაკლი ბებუას დაკავების, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის საკითხებსაც შეეხო. ეს უკანასკნელი ინსულტის გამო ცხინვალის ციხიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

გადამწყვეტი ნაბიჯების გარეშე, უფრო მეტი შიშობს, რომ იგივე ბედი ეწევათ ან მათ სიცოცხლეებს საფრთხე ემუქრებათ“, – განაცხადა მინისტრმა.

იმავდროულად, ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება. ამ კონტექსტში მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარის შეთავაზება – ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სხვადასხვა ფორმატში, ასევე პოლიტიკა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან შერიგებას ისახავს მიზნად.

პლენარულ სხდომამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხანმოკლე საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. ზალკალიანმა განაცხადა, რომ მან „კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ და კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობის მზადყოფნა.

ზალკალიანი თავის ავსტრიელ კოლეგას, მიხაელ ლინჰარტსაც შეხვდა და მასთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები განიხილა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მათ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

2 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, რიგით 38-ე სხდომა გაიმართა. სხდომას დაესწრნენ ზალკალიანის კოლეგები სუამის ქვეყნებიდან – დმიტრო კულება უკრაინიდან, ნიკუ პოპესკუ მოლდოვადან და ჯეიჰუნ ბაირამოვი აზერბაიჯანიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო, სექტორული, ასევე სუამ+ ფორმატების ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრი ქვეყნების კოორდინირებულ თანამშრომლობასა და ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

რეგიონული თანამშრომლობა გადამწყვეტია საერთო გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში და ეკონომიკის გაძლიერებას დაეხმარება“, – განაცხადა პოპესკუმ და პირობა დადო, რომ 2022 წელს მოლდოვის თავმჯდომარეობის დროს სუამის თანამშრომლობის გასაღრმავებლად ძალისხმევას განაგრძობს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა და ნატოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალი და მისი შედეგები განიხილა. დავით ზალკალიანმა გენერალური მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ გააცნო ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ შემუშავებული წინადადებების პაკეტი და ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას 2030 წლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

ამავე ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და გამოიხატა მზაობა მომავალშიც აქტიურად განაგრძოს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება და მის ახალ საფეხურზე აყვანა.