უცხოეთი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი 7 დეკემბერს გამართავენ ვიდეოშეხვედრას

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ უკრაინისა და სხვა საკითხების შესახებ მოსალაპარაკებლად. ამ ინფორმაციას ადასტურებენ თეთრი სახლი და კრემლი.

ვირტუალური დახურული შეხვედრა იმართება მზარდი საერთაშორისო შეშფოთების ფონზე მოსკოვის მიზნების თაობაზე. ნატოსა და დასავლეთის სამხედრო და სადაზვერვო წყაროების თანახმად, უკრაინის საზღვრებთან რუსეთი მრავალრიცხოვან სამხედრო ძალებს უყრის თავს.

ვაშინგტონისა და კიევის თქმით, უკრაინის საზღვართან შეინიშნება რუსეთის ათიათასობით ჯარისკაცის, ტანკებისა და არტილერიის კონცენტრაცია და ეს შესაძლოა იანვარში იერიშისთვის მზადებას მოასწავებდეს.

Reuters-ს მოჰყავს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმი წარმომადგენლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ პუტინთან შეხვედრაზე ბაიდენი აპირებს, ხაზი გაუსვას აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო აქტიურობის თაობაზე და აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

2 დეკემბერს ბაიდენმა განაცხადა, რომ მუშაობს ინიციატივების პაკეტზე, რათა „ძალიან, ძალიან გაუძნელოს“ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაცია.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძალით მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს, უკრაინა შვიდი წლის განმავლობაში იბრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.

თეთრი სახლის ანონიმმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ბაიდენი და პუტინი საკითხების ფართო სპექტრზე იმსჯელებენ.

radiotavisupleba.ge