უცხოეთი
აშშ-ის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას რუსეთი 2022 წლის დასაწყისში გეგმავს

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას რუსეთი 2022 წლის დასაწყისში გეგმავს. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 175 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და სამხედრო თავდასხმას მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს სხვადასხვა მხრიდან.

დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მიერ მობილიზებული ჯარის ნახევარი უკვე განთავსებულია უკრაინის საზღვრის მახლობლად, სხვადასხვა პუნქტებში. მათი განცხადებით, რუსეთი მიზნად ისახავს 100 ტაქტიკური ჯგუფის გადაყვანას სხვადასხვა პუნქტში ჯავშანტექნიკასთან, არტილერიასთან და აღჭურვილობასთან ერთად.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის არასაიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც მოიცავს სატელიტით გადაღებულ სურათებს, ნაჩვენებია, რომ რუსული ძალები ოთხ ადგილას გროვდებიან და ამჟამად 50 ტაქტიკური ჯგუფია განთავსებული უკრაინის საზღვართან ახლოს ტანკებთან და არტილერიასთან ერთად.

აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, რუსეთი ამჯერად უფრო ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება. მათი თქმით, რუსეთი უკრაინის ჯარებს იძულებულს გახდის იბრძოლონ რამდენიმე ფრონტზე, რაც მიზნად ისახავს კიევის სწრაფ კაპიტულაციას და არა დიდი ტერიტორიების დაკავებას. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, მსგავსი სტრატეგია რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს გამოიყენა.

გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა პროპანაგანდისტული ომიც გაააქტიურა, რომელიც ნატო-ს და უკრაინის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი დიდი ხანია, ფლობს ინფორმაციას, უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებების შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სამიტზე დისკუსიის გამართვას გეგმავს. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან და უკრაინაში უცხოური იარაღის განთავსება, რუსეთისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

1tv.ge