საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დისკოტეკა გაიხსნას მის მაგივრად

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური, მუნიციპალიტეტ წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, ბათუმს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, გავმართოთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია. საქართველოს უნდა გაუჩნდეს მომავალი პერსპექტივა. ეს შეუძლებელია, ეს სისტემა ვერ გაგრძელდება. საქართველო, როგორც ქვეყანა ქრება მსოფლიო რუკიდან. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთი იმაზე, რომ საქართველოში ტარდება ელექტრონული არჩევნები. ოღონდ, ნამდვილი, ბლოკჩეინით დაცული და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. ყველა დონეზე არანაირი საარჩევნო კომისიები, ციცო დეიდები და ა.შ. ციცოს არაფერს ვერჩი, სახელს. საჭირო არ არის უამრავი ადამიანი, რომლებიც ატყუებენ ხალხს. საქართველოში უნდა ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ასევე მიღებული უნდა იყოს ახალი მედიაკოდექსი.

საქართველოში უნდა იყოს მიღებული მედიაკოდექსი, რომელიც, თუ მაგალითად, გაუარესდა სარეკლამო პირობები, როგორც ახლა აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია. კარგი, ვთქვათ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა სათამაშო ბიზნესი, თუმცა ეს არის ბლეფი. სათამაშო ბიზნესის ბოსები არიან ესენი, დანარჩენები უბრალოდ წავა ჩრდილში. მე ეს უკრაინაში ნანახი მაქვს და ვიცი, როგორ გამოიყურება. მაგრამ ვთქვათ, მიიღეს ეს სათამაშო ბიზნესი. ავტომატურად, კაპიკ-კაპიკ უნდა ანაზღაურდეს ყველა დამოუკიდებელ მედიას ის ზარალი, რომელსაც ის იღებს. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია.

პოლიცია უნდა იყოს მუნიციპალური. აი, მაგალითად, მუნიციპალიტეტ წალენჯიხას უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი. ბათუმს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული შერიფი, რომელიც აგროვებს თავის პოლიციას და მაშინ ვეღარ მოხდება ისე, რომ ბათუმში ვიღაცების დასარბევად ოზურგეთიდან ჩაჰყავთ სპეცრაზმი. უნდა იყოს არჩევითად. უნდა იყოს დეცენტრალიზებული სისტემა, ისეთი სისტემა, როდესაც პრაქტიკულად ყოველთვის ხელისუფლებაში იქნება კოალიცია, სტაბილური კოალიცია, თავის გარანტიებით, იმით, რომ ვერავინ ვერავის გადააგდებს და ერთმანეთს გააკონტროლებენ. რაც მთავარია, მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვნილი. მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, უბრალოდ დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოტეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა. მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი. ამათ აღარაფერი გამოასწორებს. ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება. მთლიანად უნდა შეიცვალოს და უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა შეიქმნას სტანდარტები. ქვედა დონეზე უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა და უნდა მოხდეს არა მუდმივი დანიშვნა, არამედ გარკვეული ვადით დანიშვნა, ძალიან მკაცრი ეთიკის კოდექსი და ძალიან მკაცრი კონტროლი შიგნით, საზოგადოების მონაწილეობით. არა ისე, რომ თვითონ აკონტროლებენ თავის თავს და კლანი, საზოგადოების მონაწილეობით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია მინიმალური სოციალური შემოსავლის შემოღება.

საქართველოში აუცილებლად უნდა შემოვიღოთ მინიმალური სოციალური შემოსავალი, არა ის სოციალური დახმარება, რაც არაფერი არ არის. მინიმალური სოციალური შემოსავალი, რომელიც არის რეალურად სამომხმარებლო კალათი. ამის ფული საქართველოს აქვს. თუ არ აქვს, გაუჩნდება ძალიან მალე, როგორც კი ესენი მოშორდებიან. რა თქმა უნდა, იმ ხალხს უნდა მიეცეს ეს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. სამწუხაროდ, სჭირდება ძალიან ბევრს, ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ხალხი. საქართველოს აქვს ძალიან მაგარი მომავალი. ჩვენ რომ არ გაგვეჩერებინა განვითარება 2012 წელს, საქართველო შეიძლება, დღეს ყოფილიყო ბულგარეთზე და ლიეტუვაზე წინ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით. ტენდენცია ასეთი იყო. ჩვენს ქალებს აღარ დასჭირდებოდათ ოჯახების მიტოვება და მოხუცების მოსავლელად წასვლა სადმე. ჩვენს კაცებს არ დასჭირდებოდათ მართლა მონურ პირობებში შრომა პოლონეთში, გერმანიაში და ა.შ. ისეთი ხალხი მხვდება „უბერის“ მძღოლებად ვარშავაში, რომ გაოგნებული ვარ, კვალიფიკაციის ხალხი, ძაან მაგარი ინჟინრები, პედაგოგები, ექიმები. ერთი რაიონის გამგებელი იყო ამათ დროს უკვე, ამჯობინა ტაქსის მძღოლობა ვარშავაში. ეს უნდა დასრულდეს. ეს დასრულდება, თუ ჩვენ ყველანი ამაზე ვიმუშავებთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.