სამართალი
„საქინფორმის მადლობელი ვარ! ეს ბაბუაჩემია!“

den_pobedioძვირფასო მკითხველო! როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ თავისი საიტის www.saqinform.ge მთავარ გვერდზე 2011 წლის 9 მაისს გახსნა რუბრიკა „შენი სახელი ცნობილია, გმირობა – უკვდავი!“, სადაც განათავსა შემდეგი განცხადება:

„2010 წლის 31 ივნისს კრასნოდარის მხარეში, ყირიმის რაიონში, „ვიშკას“ ბორცვზე, მაძიებელთა რაზმის მიერ ნაპოვნია დიდი სამამულო ომის მებრძოლის, 32-ე გვარდიული მსროლელი დივიზიის მე-80 პოლკის სერჟანტის, 1913 წელს დაბადებულის, წარმოშობით გეგეჭკორის (ამჟამად – მარტვილის) რაიონიდან მიხეილ ლავრენტის ძე გაბისონიას ნეშტი (მონაცემები აღდგენილია კომპასზე გაკეთებული წარწერების მიხედვით).
ყველას, ვინც მიხეილ ლავრენტის ძე გაბისონიას იცნობდა, ვთხოვთ, მიმართოს საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ (+995 90 830 700), ან ქალაქ კრასნოდარის მაძიებელთა ორგანიზაციას – „ფარი და მახვილი“, ალექსეი ვლადიმერის ძე კორეცკის (+7-918-413-53-10).
დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტსა და ომის ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებულ საბჭოს), მოიხადონ თავიანთი ვალი – ზემოთ მითითებულ ტელეფონზე დაუკავშირდნენ კრასნოდარის მაძიებელთა ორგანიზაციას – „ფარი და მახვილი“, და უზრუნველყონ დიდი სამამულო ომის გმირის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზება მის სამშობლოში – საქართველოში“.

და აი, რამდენიმე წუთის წინათ რედაქციაში სატელეფონო ზარი გაისმა – მიხეილ ლავრენტის ძე გაბისონიას შვილიშვილი გამოიძებნა!

„საქინფორმის მადლობელი ვარ! ეს ბაბუაჩემია! ახლავე დავუკავშირდები კრასნოდარს, ბატონ კორეცკის!“ – გვამცნო აღელვებულმა თანამოსაუბრემ. უახლოეს ხანებში მკითხველს ვაუწყებთ ამ ნამდვილად ამაღელვებელი ამბის დეტალებს.