სამართალი
დავით ბერძენიშვილი: არავის ვაპატიებ, თუ გინდ მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. 2007 წელს პატარკაციშვილი იყო ოპოზიციის სუსტი შემადგენელი. მას ძლიერი „იმედი“ჰქონდა და ჩვენ მის „იმედს“ ვიყენებდით. ბიძინა ივანიშვილი მაშინ იყო მიშას მილიარდერი და ის არამხოლოდ აწველინებდა თავს, კარგადაც ახვევდა თავს საკუთარ ინტერესებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმის თვითაღქმა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ტოლი და სწორი იყო.

როდესაც ივანიშვილს მე და პაატა ზაქარეიშვილი პირველად შევხვდით, 7 ნოემბრის თემაზე მან მითხრა, მიშამ დამაგოიმაო. ის ყოველთვის გაურბოდა ამ თემაზე საუბარს. მას აქვს ნათქვამი - „მე გავმწარდი, როდესაც მიშამ ხალხი დაარბია. მას დავურეკე და ვუთხარი, არიქა, ასე როგორ შეიძლება. მან მითხრა, შენი რჩევა გავითვალისწინე და გადავდექიო. როგორ მომატყუა, მეგონა, მე ვურჩიე და ამიტომ გადადგა, თურმე ამერიკელებმა ურჩიეს“. ამის შემდეგ მიშას მოსწყინდა, ერთი-ორი თბილი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ბიძინას ასე რამდენიმეწლიანი ფიქრი, გაქცეულიყო საქართველოდან თუ ებრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ.

იმ დროს სააკაშვილი და მისი მილიარდერი და დამფინანსებელი ერთ მხარეს იყვნენ. 7 ნოემბერს რომ გვესროლეს და გაზით დაგვხოცეს, დიდი წილი ამ ეკიპირებისა და აპარატურის ბიძინას ფულით იყო ნაყიდი. მაშინ ბიძინა უფრო სუსტი იყო, ხოლო ძლიერი მიშა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის შანსებზე და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად საერთო ოპოზიციური გაერთიანება არის საჭირო.

მე ვუყურებ პრაგმატულად - ვიცი, რომ ვერც მარტო მიშა დაამარცხებს ბიძინას და ვერც მარტო „არა მიშა“ ოპოზიციონერები დავამარცხებთ ბიძინას. მოგვიწევს ერთმანეთის აღიარება და პატივისცემა სიყვარულის გარეშე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის ვაპატიებ, თუ გინდ მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს ქართველ ხალხს და მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს შეურაცხყოფა მიაყენეს. „მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე და გადავდექი“ - ეს მიშისტებისთვის ნათქვამი ტექსტია. როცა ამბობს, არჩევნები ჩავატარე და ძლივს მოვიგეო, არ მოუგია, გააყალბა, მეორე ტური იყო - თბილისში ოფიციალურად 31% აქვს აღებული. მე არ ავიტან ტყუილებს და შემიძლია მიშასთან თანამშრომლობა.

გგონიათ, რომ 6 წლით შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელთან, რომელმაც ჟვანიასთან ერთად მოკლა ქართული ოპოზიციური პოლიტიკა, სააკაშვილთან ერთად პოლიტიკური ბლოკი შევქმენით 2002-ში, მსიამოვნებდა? მაგრამ ვიცოდი, რომ „რესპუბლიკელების“ გარეშე ის ვერ გადალახავდა ჩოლოქს და ვერ გაუხსნიდა მეორე ფრონტს ასლან აბაშიძეს. ვიცოდი, რომ მიშას გარეშე ვერ მოვერეოდით შევარდნაძეს, ამიტომ გავაერთიანე ძალები. როგორც კი მოვიგეთ, მიშასთან ერთად არ ვიხელისუფლე, რადგან მან მაშინვე დაიწყო დემოკრატიაზე შეტევა.

გუშინ მელიამ რომ თქვა, შტურმზე არ წავიყვან ხალხსო და ამის გამო საყვედურობენ. ამით მან დაადასტურა, რომ ასეთი მოთხოვნები არის. ხომ ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვანოს ხალხი ვინ არის და ვინ რას წერს მელიაზე? მეორეს მხრივ, მე არ მიმაჩნია სწორად მორიგი 23-ე, 27-თუ 83-ფუჭი გასროლა ქუჩაში ხალხის ტარებით. ქუჩა ათჯერ უფრო მაგარი გვქონდა 2007-2009 წლებში, ქუჩა არ წყვეტს. ახლა, როგორც გია ნოდიამ თქვა, არის სტრატეგიული მოთმინების დრო. ახლა ზრდის და პარლამენტში მუშაობის დროა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.