საზოგადოება
გამოცდები, გამოცდები!

gamocdebiiiდღეს, 23 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.

გუშინ გამოსაშვები გამოცდების მედიაცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოსაშვები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

09:00 საათზე საქართველოს ყველა რაიონის სკოლების მოსწავლეებმა ერთდროულად დაიწყეს ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობა. გამოცდისთვის განკუთვნილი დრო განსაზღვრულია 1 საათითა და 40 წუთით. გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება.

საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი მეთვალყურე აკვირდება. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.

საატესტატო გამოცდების მნიშვნელობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის  გამოცდები საქართველოში პირველად ტარდება, სამინისტროს მიერ არაერთი ღონისძიებაა გათვალისწინებული, რათა ყველა მოსწავლის ინტერესი და უფლებები იყოს დაცული.

გამოცდები 1 ივნისს დასრულდება.

შედეგების პასუხები რვავე გამოცდის ჩაბარების შემდეგ გახდება ცნობილი.