საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ცხინვალმა და მოსკოვმა 110 კილოვოლტი სიმძლავრის ახალი სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აამოქმედეს, რომლის მიზანიც ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფაა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ოთხი კილომეტრი სიგრძის სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც სათავეს რუსეთში ახლადგარემონტებული სადგურიდან – „სევერნი პორტალიდან“ იღებს, ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემას კავკასიონის გავლით დაუკავშირდება.
დღემდე, რეგიონი რუსულ ელექტროენერგიას „სევერნი პორტალ-ჯავას“ 110 კილოვოლტი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით იღებდა, რომელიც ზამთრის მკაცრი პირობების გამო ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან, შედეგად კი – რეგიონი დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.
სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის გაშვების ცერემონია 26 ნოემბერს სადგურ „სევერნი პორტალზე“ გაიმართა. ეს უკანასკნელი ზღვის დონიდან 2 000 მეტრ სიმაღლეზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში, როკის გვირაბის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ღონისძიებას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი დაესწრნენ.
ბიბილოვი მიესალმა პროექტის განხორციელებას და მას რეგიონისთვის „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“ უწოდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა და „სევერნი პორტალის“ რეკონსტრუქცია მოსკოვის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ინვესტიციის საერთო ღირებულება 1.3 მლრდ რუსული რუბლი (17 მლნ აშშ დოლარი) იყო.
შეთანხმებას სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზით ცხინვალის რეგიონის როკის გვირაბის გავლით რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების თაობაზე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ევგენი გრაბჩაკმა და ცხინვალის რეგიონის „ელჩმა“ მოსკოვში, ზნაურ გასიევმა 2020 წლის 2 სექტემბერს მოაწერეს ხელი.