საზოგადოება
„მაესტრო“ აცხადებს, რომ არ აპირებს საპროტესტო აქციებში ჩართვას

maestroბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა ტელეკომპანია „მაესტრო“ რაიმე ფორმით ჩაერთვება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, არ შეესაბამება სიმართლეს, – ნათქვამია ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობის მიერ 23 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

„მაესტროს“ ხელმძღვანელობა მიმართავს პოლიტიკოსებს, „მოერიდონ საკუთარ კომენტარებსა და გამოსვლებში ტელეკომპანია „მაესტროს“ სახელით მანიპულირებას“.

„ტელეკომპანია „მაესტრო“ ასრულებს პროფესიულ მოვალეობას და მოვლენებს მხოლოდ მაყურებლის ინტერესებისა და საინფორმაციო ფორმატის სპეციფიკის გათვალისწინებით აშუქებს, – ნათქვამია განცხადებაში, – ტელეკომპანია „მაესტრო“ არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება და არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებას“.

22 მაისს სახალხო კრებისა და ქართული პარტიის მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა, რომ „მაესტრო“ მაუწყებლობას საპროტესტო აქციის ადგილიდან დაიწყებდა. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება „სახალხო კრების“ ლიდერებმა გამოაცხადეს, „ქართული პარტიის“ თანადამფუძნებელ ლევან გაჩეჩილაძის ძმამ – „მაესტროს“ ერთ-ერთმა მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ – საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მყოფ მომიტინგეებს განუცხადა, რომ „ყველაფერი კეთდება“ იმისათვის, რომ „პირადად მე დღეს დავიწყო ახალი გადაცემა პირდაპირ ამ მოედნიდან“.