საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. 29 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზარტული თამაშების ბიზნესსექტორისათვის გამკაცრებული რეგულაციების წინადადებები წარმოადგინა.
ცვლილებათა პროექტით, მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება როგორც ონლაინ, ისე ე.წ. სახმელეთო კაზინოებით სარგებლობა, გაიზრდება გადასახადები და მნიშვნელოვნად შეიზღუდება რეკლამა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის კომპანიებისათვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძირითადად სპორტის სფეროში, განაცხადა მან.
ცვლილებების შესახებ მთავრობის სხდომაზე უფრო დეტალურად ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაიბეგრება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. გარდა ამისა, გაცემული მოგება დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, მისი თქმით, სექტორის გადასახადები გაიზრდება 65%-70%-ით.
ამასთან, აიკრძალება საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეების დაშვება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ე.წ. სახმელეთო კაზინოებში. ასაკობრივი შეზღუდვა არ იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.
მინისტრ ხუციშვილის თქმით, 25 წლამდე ადამიანების გარდა, აზარტული თამაშები აიკრძალება მოქალაქეთა მთელი რიგი კატეგორიებისათვის, მათ შორის, სახელმწიფო დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, საჯარო მოხელეებისათვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნულ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით შეიყვანენ. მთავრობის ანგარიშით, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვანს შეეზღუდება.
რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებულნი იქნებიან, მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე. იკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშისთვის თანხის გადარიცხვა, რაც მთავრობის გათვლით, მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს.
მთავრობამ სათამაშო ბიზნესისათვის რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი 22 ნოემბრის სხდომაზე დაიწყო. მაშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდაზე, ასევე რეკლამის აკრძალვასა და მომხმარებელთა ასაკობრივი ბარიერის 18-დან 25 წლამდე აწევაზე ისაუბრა. მისი თქმით „მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები“.
ცნობისთვის, 2020 წელს, საქსტატის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 32 მილიარდ 91 მილიონი ლარი იყო, იგივე მონაცემი 2019 წელს 25 მილიარდ 860 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს 13 მილიარდ 806 მილიონს. საქსტატის ცნობითვე, სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2020 წელს 9 864 კაცი იყო, 2019 წელს — 10 816, ხოლო 2018 წელს — 10 288.