საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, მაგალითად, შეცდომაა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ეს შეეხო ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც, ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ.
„საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.